Thumbnail
  • კონორ მაკგრეგორმა UFC-ის კიდევ ერთხელ აქცია ზურგი
  • თუ არ ხუმრობს, მაშინ ეს სპორტი უდიდეს ვარსკვლავს კარგავს

კონორ მაკგრეგორმა გამოაცხადა, რომ დიდი სპორტიდან მიდის. კიდევ ერთხელ…

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ტვიტერზე ეს ტექსტი დაპოსტა: “ჰეი, ხალხო, გადავწყვიტე, რომ ჩხუბს დავემშვიდობო. მადლობა ყველას შესანიშნავი მოგონებებისთვის. რა მაგარი თავგადასავალი იყო!”

ამასთან, 31 წლის ირლანდიელმა თავის დედასთან, მარგარეტთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. “მოძებნე შენი ოცნების სახლი, მაგს, მიყვარხარ. რაც უნდა მოისურვო, ყველაფერს მიიღებ,” - დასძინა შერეული ორთაბრძოლების სუპერვარსკვლავმა პოსტში.

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორი უკვე იყო წასული დიდი სპორტიდან, მაგრამ იანვარში დაბრუნდა და დონალდ სერონე დაამარცხა. მას მერე ექს-ჩემპიონი მორიგ ბრძოლას ელოდება - ცხადია, ამაში ბრალი კორონავირუსის პანდემიასაც მიუძღვის. UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა მაკგრეგორს მოცდა ურჩია და თქვა, რომ კონორი შანსს მინიმუმ სექტემბრამდე ვერ მიიღებს. სწორედ შემოდგომაზე უნდა გაიმართოს ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის დუელი. გეხსომებათ: მაკგრეგორი 2018 წელს ხაბიბთან დამარცხდა და მას მერე მატჩ-რევანშის იმედი აქვს.

ახლა კი კონორმა დაპოსტა, რომ აქტიური სპორტიდან მიდის, ოღონდ მისი სიტყვების ბევრს აღარ სჯერა, რადგან მაკგრეგორი ტვიტერზე გამოქვეუნებული პოსტით აქამდე უკვე 2-ჯერ წავიდა და ისევ ბრუნდებოდა. პირველად ეს 2016 წლის მარტში გააკეთა - ნეიტ დიასთან მარცხის შემდეგ, მეორედ კი, 2019 წელს, ცნობილი მასობრივი ჩხუბის შემდეგ. ასე რომ, დიდი შანსია, მესამე წასვლაც შოუს ნაწილი იყოს. ფაქტი ერთია: თუკი კონორი ოქტაგონზე აღარასოდეს იჩხუბებს, UFC ალბათ ყველაზე ცნობად ვარსკვლავს დაკარგავს...

 

კომენტარები

ბოლო ამბები