Thumbnail

ნოემბერში საქართველოს ექვს ერში მიიწვევენ? ინგლისური რაგბის შეფის 3 ვარიანტი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ახლახან ინგლისის რაგბის კავშირის (RFU) აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ სვინიმ მედიასთან ისაუბრა. ინგლისური რაგბის შეფი სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოს შანსებზე ექვს ერში, მან თქვა: 

"რაგბში ისეთი სიტუაცია არ გვაქვს, როგორც – ფეხბურთში, სადაც შესაბამისი დონის მე-2 დივიზიონი არსებობს და იქ საუკეთესო ელიტაში უმტკივნეულოდ გადმოდის. ევროპულ რაგბში ამის ფუფუნება არ გაგვაჩნია. თუკი იტალიას საქართველოთი ჩავანაცვლებთ, ვფიქრობ, არაფერი შეიცვლება. ძალთა განლაგების მიხედვით იგივე სიტუაცია გვექნება".

RFU-ს აღმასრულებელი დირექტორი ბილ სვინი

მიუხედავად ამისა, ბილს სვინიმ ერთი ძალიან საინტერესო ჰიპოტეზა შემოგვთავაზა, რომელიც უახლოეს მომავალს ეხება. როგორც მოსალოდნელი იყო, ივლისის ტესტები გადაიდო, სვინის მიაჩნია, რომ ნოემბრის ტესტებიც საფრთხეშია. შესაძლოა, სამხრეთ ნახევარსფეროს ნაკრებებმა ჩრდილოეთში ტესტების ნაცვლად, რაგბი ჩემპიონშიპი ითამაშონ. რას იზამს ამ შემთხვევაში ექვსი ერი?

"პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ თუ რამე ცვლილება იქნება მიღებული ექვსი ერის ტურნირის ფორმატზე, ეს იქნება დროებითი გადაწყვეტილება. მომავალში ყველაფერი ძველებურად დაბრუნდება".

რა ვარიანტებზე მუშაობს ტურნირი, პირველი, ყველაზე სავარაუდო ვარიანტი ასეთია: ექვსი ერი 5 ტურის ნაცვლად 10 ტურად გაიმართება, შემოდგომით პირველი ნაწილი, ხოლო 2021 წლის თებერვალ-მარტში მეორე ნახევარი.

"ამ შემთხვევაში, აღარავინ ილაპარაკებს იმაზე, რომ ნაკლები თამაში ჩაატარა შინ. ყველაფერი სამართლიანად გადაწყდება, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი ცვლილება შეიძლება იყოს".

მეორე ვარიანტი, რომელსაც სვინის აზრით, ნოემბრის ტესტების გაუქმების შემთხვევაში განიხილავენ ასეთია: შემოდგომით დასრულდება წლევანდელი ტურნირი, შემდეგ ჩატარდება სრული ტურნირი წელსვე, 2021 წლის თებერვალ-მარტში კი ახალი შეჯიბრება გაიმართება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

მაგრამ არის მესამე ვარიანტიც, რომელიც ქართული რაგბის ქომაგს დააინტერესებს. გაიმართოს არა ჩვეულებრივი ექვსი ერი, არამედ, ტურნირს დაემატოს მიწვევით სხვა ქვეყნებიც. ტურნირი შინ და გარეთ ფორმატით ჩატარდება. 

"ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომელი ქვეყნები შეიძლება მოვიწვიოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საკითხს შემოქმედებითაც მივუდქეთ. ამით რაგბის ნამდვილ ფესტივალს მივიღებთ". 

იტალიური OA Sport მიიჩნევს, რომ მიწვეული ნაკრებებიდან ერთ-ერთი, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებიც აღმოჩნდეს:

"პირველ რიგში, ეს შესაძლოა, იყოს ყველასთვის ცნობილი საქართველო, რომელიც ბოლო წლებია, აკაკუნებს 6 ერის კარზე. შესაძლოა, ეს ყველაზე ნაკლებად მომხიბლავი ჰიპოთეზა იყოს, მაგრამ სავსებით რეალურია. ეს კარგია იმ მხრივაც, რომ გააბათილებს ჭორებს, თითქოს, საქართველო ექვს ერში იტალიას ცვლის".

კომენტარები

ბოლო ამბები