Thumbnail

სუარესი მწყობრშია, მესი ისევ ცალკე ვარჯიშობს - ბარსელონა რესტარტის წინ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კატალონიური კლუბის ექიმებმა, ურუგვაელ ფორვარდს თამაშის ნება დართეს
  • 33 წლის ფეხბურთელს მენისკის ტრავმის გამო იანვრის შემდეგ არ უთამაშია
  • ლიონელ მესი ჯერჯერობით ისევ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს

ბარსელონას თავდამსხმელი ლუის სუარესი სრულებით გამოჯანმრთელდა და მას კლუბის ექიმებმა თამაშის ნებაც დართეს. 

კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ურუგვაელ ფეხბურთელს, რომელსაც მარჯვენა მუხლზე მენისკის ტრავმა ჰქონდა, სეზონის განახლების შემდეგ, კატალონიური გუნდის უახლოეს მატჩში თამაში უკვე შეეძლება.

33 წლის ურუგვაელმა ბოლოს ბარსელონას ღირსება ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში, ,მადრიდის ატლეტიკოსთან დაიცვა, რომელიც 9 იანვარს გაიმართა. კატალონიელები ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით 2:3 დამარცხდნენ, ლუის სუარესმა კი 12 იანვარს ოპერაცია გაიკეთა, ინდივიდუალურად ვარჯიში კი მხოლოდ მაისიდან განაახლა.

ურუგვაელი ვარჯიშზე დაფრინავს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით

ლუის სუარესი ბარსელონას ღირსებას 2014 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც ლივერპულიდან გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან საკლუბო დონეზე ჯამში 23 მატჩი ჩაატარა და 14 გატანილი გოლითა და 11 საგოლე გადაცემით გამოირჩა. 

კვლავაც გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს ბარსელონას კაპიტანი ლიონელ მესი, რომელსაც მარჯვენა ფეხზე ბარძაყის ოთხთავა კუნთი აწუხებს. კატალონიურ კლუბში იმედოვნებენ, რომ ტრავმა საშიში არაა და არგენტინელი სეზონის განახლებას მზადყოფნაში შეხვდება. მესის გარდა, 6 ივნისს ინდივიდუალურად ემზადებოდა ნელსონ სემედუც.

ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში ბარსელონაა, რომელსაც 58 ქულა აქვს და 2 ქულით უსწრებს მადრიდის რეალს. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ბარსელონა პირველ თამაშს სტუმრად მალიორკასთან ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 14 ივნისს, 00:00 სთ-ზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები