Thumbnail

ხელშეუხებლები - დავითაშვილისა და კვარაცხელიას მომავალი რუბინში

  • რუსეთის პრემიერლიგის მომავალ სეზონში ლეგიონერებზე ლიმიტი მკაცრდება
  • როგორია ყაზანის რუბინში ახალგაზრდა ქართველი ლეგიონერების პერსპექტივა

რუსეთის პრემიერლიგის მომავალი, 2020/21 წლების სეზონი 2 აგვისტოს დაიწყება - სულ რაღაც 10 დღის შემდეგ, რაც მიმდინარე დასრულდება. შესაბამისად, კლუბებს შემადგენლობების ფორმირებისთვის კვირანახევარი ექნებათ. ახალი სეზონიდან რუსეთის მთავარ ლიგაში ლეგიონერებზე ახალი ლიმიტი შემოდის - 8+17, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბს 2020/21 წლების ჩემპიონატის განაცხადში მაქსიმუმ რვა ლეგიონერის ყოლის უფლება ექნება.

ლეგიონერების ლიმიტი ეხება ყაზანის რუბინსაც, რომელიც ყველაზე "ქართული გუნდი" იყო რუსეთის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონში. კლუბი ცოტა ხნის წინ უკვე დაემშვიდობა ბექა მიქელთაძესა და ნიკა ყიფიანს (რუსეთის მოქალაქეა), მის შემადგენლობაში კი ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია რჩებიან.

რუბინი ბექა მიქელთაძემ და ნიკა ყიფიანმა უკვე დატოვეს

ამჟამად ლიონიდ სლუცკის გუნდში 9 ლეგიონერია და გასარკვევია იმ ერთის ვინაობა, რომელსაც ახალი სეზონის წინ ყაზანის კლუბი აუცილებლად უნდა შეელიოს. საიტი business-gazeta ამ თემას აშუქებს და რუბინის ლეგიონერთა მომავალზე წერს. წყარო ვარაუდობს, რომ კლუბის ლეგიონერებიდან ყველაზე "ხელშეუხლები" სწორედ 19 წლის ქართველი ფეხბურთელები - ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია არიან.

"ვინც ნამდვილად არ წავა ზაფხულში - ამ კატეგორიაში ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია არიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდა ქართველები ხელშეუხებლები არიან. ამ ეტაპზე რუბინში მათი წასვლის შესაძლებლობას არ განიხილავენ. ოდესმე შესაძლებელი გახდება ამ ტალანტების გარშემო გუნდის აგება ან მათში დიდი სატრანსფერო კომპენსაციის მიღება", - წერს საიტი.

19 წლის კვარაცხელიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი უკვე ჰქონდა

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სამთვიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის პრემიერლიგის განახლება 21 ივნისს იგეგმება. რუბინს ლიგაში ჩატარებული 22 მატჩის შემდეგ, 23 ქულა აქვს და სატურნირი ცხრილში მე-14 ადგილზეა, სეზონი კი 20 ივნისს, სტუმრად ურალთან თამაშით უნდა განაახლოს.

კომენტარები

ბოლო ამბები