Thumbnail

წითელი ბარათიც და შუა თითიც - ლატვიელ მსაჯს თავისი ქმედების ახსნა დასჭირდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლატვიური გუნდების მატჩის ეპიზოდი ლამის რასისტული სკანდალის მიზეზი გახდა
  • შეხვედრის 75-ე წუთზე მსაჯმა ფეხბურთელს წითელი ბარათი და შუა თითი უჩვენა
  • იმ ეპიზოდში ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს

ევროპაში ფეხბურთი ნელ-ნელა ბრუნდება - ამხანაგური შეხვედრების გამართვა ლატვიურმა კლუბებმაც დაიწყეს. მედიისა და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კი, რიგასა და RFS-ს შორის გამართული შეხვედრა მოექცა, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მისი მთავარი გმირი არბიტრი ანდრის ტრეიმანისია, რომელიც ლამის მორიგი რასისტული სკანდალის მიზეზი გახდა.

მატჩის შემდეგ ინტერნეტში ტრანსლაციის სქრინშოტი გამოქვეყნდა, სადაც ანდრისი წითელ ბარათსა და შუა თითს  RFS-ის შავკანიან ლეგიონერს, სედრიკ კუადიოს უჩვენებს. 

გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ში განვითარებული მოვლენების ფონზე, არბიტრი უმალ რასიზმში დაადანაშაულეს და კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატეხეს თავს. სინამდვილეში კი საქმე სულ სხვაგვარად იყო.

ანდრის ტრეიმანისმა, რომელიც ფიფას არბიტრია, მოგვიანებით სოციალურ ქსელში განმარტა, რომ ჟესტით კოტდივუარელ ფეხბურთელს მხოლოდ ის უჩვენა, რისთვისაც წითელი ბარათით დასაჯა.

"იმ ეპიზოდში ფეხბურთელმა მეტოქეს უჩვენა შუა თითი. წესების თანახმად, ის მოედნიდან უნდა გაძევებულიყო. ფეხბურთელი წითელი ბარათის დანახვისას ვერ მიხვდა, რატომ ისჯებოდა. სწორედ ამიტომ დამჭირდა იმ ჟესტის გამეორება, რისთვისაც ვაძევებდი. არ არის საჭირო კონტექსტიდან დეტალის ამოგლეჯა - იხილეთ მთლიანი ეპიზოდი", - ამბობს ტრეიმანისი და როგორც ვიდეოში ჩანს, არც ტყუის.

კომენტარები

ბოლო ამბები