Thumbnail
  • პრემიერლიგამ რესტარტის შემდეგ ოფიციალური განრიგი გამოაქვეყნა
  • ლივერპული განახლებიდან მეორე მატჩს საკუთარ სტადიონზე ჩაატარებს

რესტარტის შემდეგ ლივერპული მეორე მატჩს საკუთარ სტადიონზე ჩაატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იურგენ კლოპის გუნდს შეუძლია, ნანატრი ჩემპიონობა ‘ენფილდზე’ იზეიმოს. პრემიერლიგამ განრიგი ოფიციალურად დაადასტურა - ლივერპულისა და კრისტალ პალასის მატჩი 24 ივნისს სწორედ ‘ენფილდზე’ შედგება. 

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს ჩემპიონობის გასანაღდებლად ორი მოგება ესაჭიროება. ეს 30 წლის შემდეგ მერსისაიდელთა პირველი ჩემპიონობა იქნება. თუკი მანამდე კლოპის გუნდი ევერტონს მოუგებს, კრისტალ პალასთან გამარჯვება ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი იქნება.

პრემიერლიგის ხელმძღვანელები აქამდე ზოგიერთი მატჩის ნეიტრალურ არენაზე ჩატარებაზე ფიქრობდნენ, რათა ფანების სტადიონთან თავშეყრა თავიდან აეცილებინათ. პარასკევს კი კლუბების უმეტესობამ 30-დან 32-ე ტურის ჩათვლით თამაშების საკუთარ სტადიონზე ჩატარების უფლება მიიღო.

ორი მატჩის გამართვის ადგილი ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. მაგალითად, ერთ-ერთი სწორედ ლივერპულული დერბია - ჯერ უცნობია, სად უმასპინძლებს ევერტონი ლივერპულს 21 ივნისს. მერსისაიდელთა და მანჩესტერ სიტის შორის 2 ივლისს დაგეგმილი მატჩის სტადიონიც ამ დღეებში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 4 ტური ჩატარდა. 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ლევერკუზენის და ბაიერნის დაპირისპირებაა, რომელიც შაბათს გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები