Thumbnail

მადრიდის რეალმა ლევერკუზენის ბაიერს კაი ჰავერტცის თაობაზე მიმზიდველი წინადადებით მიმართა, თუმცა, ამ ეტაპისთვის უარი მიიღო.

BILD-ის ცნობით, ესპანური გრანდი მზად იყო 20 წლის გერმანელ ნახევარმცველში 80 მილიონი ევრო გადაეხადა და ის ბაიერში კიდევ ერთი სეზონი დაეტოვებინა, თუმცა, გარიგება არ შედგა. საქმე ის გახლავთ, რომ ლევერკუზენელები ახალგაზრდა ვარსკვლავს 100 მილიონად აფასებენ და ამდენად, რეალის მიერ შეთავაზებული თანხა ეცოტავათ.

ის, რომ მადრიდელები სასურველი ფეხბურთელის დაბევებას ცდილობენ, გასაკვირი არაა. კაის თავის რიგებში ხილვა სხვა ევროპულ გრანდებს, კერძოდ კი, ბაიერნს, ჩელსისა და მანჩესტერ იუნაიტედსაც სურთ.

ცნობისთვის, ჰავერტცი ბაიერის აღზრდილია და კლუბის ღირსებას 2016 წლიდან იცავს, 2018 წელს კი გერმანიის ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მან 26 მატჩი ჩაატარა და აქტივში 11 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს.

29-ე ტურის მატჩში ლევერკუზენმა ფრაიბურგი სტუმრად სწორედ ჰავერტცის გოლით დაამარცხა და ის ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც 35 გოლი 21 წლის ასაკამდე გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები