- ბელგიური გენტის ქართველი ფორვარდი კვიპროსული გუნდის სიაშია
- გიორგი ქვილითაიამ ანორთოსისში, შესაძლოა, ნიკა კაჭარავა შეცვალოს
ბელგიური გენტის ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ, შესაძლოა, კარიერა ფამაგუსტას ანორთოსისში გააგრძელოს, რომლის მთავარი მწვრთნელიც თემურ ქეცბაიაა. ამ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.
Alphanews-ის ცნობით, ანორთოსისი ფორვარდის ძიებაშია და სამ კანდიდატურას განიხილავს. ესენი ქვილითაია, მაროკოელი ტარიკ ელიუნუსი და პორტუგალიელი დავიდ სიმაო არიან.
“26 წლის ქვილითაია ტანმაღალი თავდამსმელია, რომელიც გენტში 2018 წლიდან თამაშობს. გასულ ზაფხულს, როდესაც ლარნაკას აეკ-ი ევროპის ლიგაში ბელგიურ გუნდს გაეჯიბრა, ის სათადარიგოთა სკამზე იყო”, - წერს კვიპროსული ვებ-გვერდი.
აღსანიშნავია, რომ ქეცბაიას გუნდის გადახალისება აქვს გადაწყვეტილი და უკვე შეიმატა 3 ფეხბურთელი: კამერუნელი შარლ ელუნდუ, ბრაზილიელი ანდერსონ კორეია და სომეხი ჰოვანეს ამბარცუმიანი. ამასთან, მოსალოდნელია, რომ ფამაგუსტელთა რიგებს დატოვებს ქართველი შემტევი ნიკა კაჭარავა. ახალი ფორვარდის დამატება დღის წესრიგში სწორედ ამიტომ დადგა.
ის, რომ ქვილითაია გუნდის შეცვლაზე ფიქრობს, გასაკვირი ნამდვილად არაა, რადგანაც მან გენტის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერაფრით მოიპოვა და მიმდინარე სეზონშიც იშვიათად თამაშობდა.
დაახლოებით 1 კვირის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქეცბაია ტრანსფერის თაობაზე კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელ გიორგი პაპუნაშვილს ესაუბრა, რომელიც სარაგოსას ეკუთვნის, ამჟამად კი, ესპანურსავე რასინგშია განათხოვრებული.
შეგახსენებთ, რომ კვიპროსში საფეხბურთო ჩემპიონატი, პანდემიის გამო, ვადაზე ადრე დასრულებულად გამოცხადდა, ანორთოსისს კი ვიცე-ჩემპიონის ტიტული ერგო. ამ სეზონში ქეცბაიას გუნდში გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ნიკა კაჭარავა თამაშობდნენ.
კომენტარები