Thumbnail

სფფ-ის წარმომადგენლების ვიზიტი დასავლეთ საქართველოში

  • დასავლეთ საქართველოში საფეხბურთო აკადემიები შენდება
  • სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სამეგრელოს და გურიას ეწვია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ეწვია და მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროცესი დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში, სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში იყვნენ. 

"მიხარია, რომ პროექტი, რომელიც ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, მშენებლობის აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში სოხელ რუხში საფეხბურთო აკადემია აშენდება და მის მშნებლობას სრულად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს. ასევე მსურს მადლობა ვუთხრა ადგილობრივ ხელისუფლებას, სწორედ მათი დახმარებით მოხდა აღნიშნული ტერიტორიის ჩვენთვის გადმოცემა. პროექტის მიხედვით მოეწყობა სამი სტანდარტული საფეხბურთო მოედანი, განათებით და ტრიბუნით. მსგავსად სფფ-ის სხვა აკადემიებისა, ადგილზე ორი ასაკობრივი გუნდი იცხოვრებს. საფეხბურთო კომპლექსის გამოყენება ასევე შესაძლებელი იქნება სხვა საფეხბურთო სკოლებისთვის და სამოყვარულო ფეხბურთისთვის". - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, სფფ-ის ფეხბურთის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია 2019 წლის მაისში გაიმართა. პროექტის მიხედვით, ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა. 

ფედერაციის წარმომადგენლები ფოთშიც იყვნენ, სადაც სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი ხელოვნური განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. პროექტი სფფ-ის და უეფას დაფინანსებით მიმდინარეობს.

"ფეხბურთის ფედერაციის გუნდთან ერთად საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა მოვინახულეთ. აქ ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა მალე დასრულდება. ჩემთვის აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას და ბავშვებს დავპირდი, რომ ამ ადგილზე საფეხბურთო სკოლა აშენდებოდა. მიხარია, რომ ეს პირობა შესრულდა და ძალიან მალე ფოთში ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გაჩნდება”. - ესეც ლევან კობიაშვილის სიტყვებია.

სფფ-ის დელეგაციამ დასავლეთ საქართველოში ვიზიტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში დაასრულა, სადაც გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები