Thumbnail

'50 წელს თუ მივაღწიე, ბედნიერი ვიქნები' - ენდი კოული ავადმყოფობას ებრძვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და თირკმელები აღარ იმუშავებს'
  • ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა 2017 წელს ოპერაცია გაიკეთა, თუმცა, ისევ ავადაა

მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ენდი კოული რთულ მდგომარეობაში იმყოფება და იმაზე ოცნებობს, რომ 50 წლამდე იცოცხლოს. კოული ახლა 48 წლისაა, სიტუაცია კი მას შემდეგ აერია, რაც 2017 წელს რთული ოპერაცია გაიკეთა. ენდის თირკმელი გადაუნერგეს, რომელიც მას ძმისშვილმა დაუთმო. სხვა საქმეა, რომ ოპერაციამ არცთუ წარმატებით ჩაიარა და ექს-ფეხბურთელი სრულფასოვან ცხოვრებას ვერ დაუბრუნდა, ზოგჯერ კი თავს ძალიან ცუდად გრძნობს.

“არ მინდა ძალიან შორს ვიყურო და მირჩევნია იმაზე ვიფიქრო, უახლოეს დღეებში რა მოხდება. მახსოვს, ამასწინათ ძალიან მძიმე წუთები გადავიტანე, როდესაც ჩემს ქალიშვილს ვესაუბრებოდი. მან მითხრა: “მამა, შენ სულ ცოცხალი იქნები”. მე კი ვუპასუხე: “მისმინე, თუკი 50 წელს მივაღწევ, ესეც გამიხარდება”. ამ ნიშნულამდე წელიწადი და რამდენიმე თვე მრჩება. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და ჩემი თირკმელები აღარ იმუშავებს. ახლა, ამის მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ, ეს, ძალიან მაშფოთებს”.

შეგახსენებთ, რომ კოულს კარიერის განმავლობაში ათზე მეტ ინგლისურ კლუბში უთამაშია, ყველაზე წარმატებული პერიოდი (1995-2001) კი მანჩესტერ იუნაიტედში აქვს გატარებული, როდესაც 195 მატჩში 93 გოლი გაიტანა, 1999 წელს კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ინგლისის ნაკრებში მას 15 მატჩი აქვს ჩატარებული. ენდის 50 წელი 2021 წლის 15 ოქტომბერს შეუსრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები