- ინგლისში ქალთა სუპერლიგა კორონავირუსის გამო მარტიდან შეწყვეტილი იყო
- ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებით, ჩემპიონად ჩელსი დასახელდა
- უმაღლესი ლიგიდან ლივერპული გავარდა და მის ნაცვლად ასტონ ვილა აღზევდა
კორონავირუსის პანდემიის გამო, ინგლისში ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. მათ შორის აღმოჩნდა ქალთა სუპერლიგა ფეხბურთში, რომელიც მარტიდან მოყოლებული შეჩერებული იყო.
ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ ქალთა სუპერლიგის (FA WSL) 2019/20 წლების სეზონის ნაადრევად დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. რაც უნდა უცანური იყოს, ინგლისის ჩემპიონად სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფი ჩელსი გამოცხადდა.
საქმე ისაა, რომ სანამ სეზონი შეწყდებოდა, მანჩესტერ სიტის ქალთა გუნდმა 16 შეხვედრის გამართვა მოასწრო და 40 ქულით ცხრილში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. ჩელსის ქალთა გუნდმა კი 15 მატჩის ჩატარება მოასწრო და 39 ქულით მეორე იყო.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ ჩემპიონად ის გუნდი გამოეცხადებინათ, რომელიც საშუალოდ ერთ მატჩში ყველაზე მეტ ქულას აგროვებდა. ასეთი კი სწორედ ჩელსი იყო. ლონდონელები საშალოდ შეხვედრაში 2.6 ქულას აგროვებდნენ, სიტის ფეხბურთელები კი - 2.5-ს.
"ფეხბურთის ასოციაციის საბჭომ მიიღო უმრავლესობის გადაწყვეტილება, რომ ქალთა სუპერლიგის და ქალთა ჩემპიონშიპის 2019/20 წლების სეზონის გამარჯვებულებად გამოცხადებულიყვნენ გუნდები, რომელიც საშუალოდ შეხვედრაში ყველაზე მეტ ქულას აგროვებდნენ. შედეგად, ქალთა სუპერლიგის 2019/20 წლების ჩემპიონად ჩელსი გამოცხადდა, ხოლო ქალთა ჩემპიონშიპის ჩემპიონად - ასტონ ვილა", - წერია FA-ს განცხადებაში.
გარდა უმაღლესი ლიგისა, გაუქმდა ქალთა ჩემპიონშიპიც, სადაც ჩემპიონად ასტონ ვილა დაასახელეს. ასტონ ვილა მომავალ სეზონში სუპერლიგაში ლივერპულის მაგივრად ითამაშებს, რომელიც ბოლო ადგილზე გავიდა და ჩემპიონატიდან გავარდა.
"მერსისაიდელებს" ქალთა სუპერლიგა 2013 და 2014 წლებში ჰქონდათ მოგებული. ისინი აღნიშნული გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები დარჩნენ. "იმედი გვქონდა, რომ ჩვენს შესაძლებლობებს მოედანზე დავამტკიცებდით", - წერია კლუბის განცხადებაში.
ჩელსიმ წელს შიდა დუბლი შეასრულა. გარდა ჩემპიონატის მოგებისა, თებერვალში ლონდონელებმა თანაქალაქელ არსენალს ლიგის თასის ფინალში 2:1 მოუგეს. ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისის ღირსებას გამარჯვებული ჩელსი და მეორე ადგილოსანი მანჩესტერ სიტი დაიცავენ. წინა სეზონის სუპერლიგის ჩემპიონი არსენალი კი ევროტურნირის გარეშე დარჩა, რადგან მათ წელს მესამე ადგილი დაიკავეს.
კომენტარები