Thumbnail
  • კალათბურთის ფედერაციამ ვიდეო გაავრცელა, სადაც დარბაზის გარე ფასადია ასახული
  • თბილისი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს 2022 წლის სექტემბერში უმასპინძლებს

თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გრძელდება ახალი, მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა, სადაც 2022 წელს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მატჩები უნდა ჩატარდეს. პარალელურად, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც ევრობასკეტის არენის გარე ხედია ასახული.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობის პროცესი არ შეჩერებულა. სამუშაოები წინასწარ დათქმული ვადების გათვალისწინებით გრძელდება, რომლის თანახმადაც, ახალი სპორტის სასახლე 2021 წლის ზაფხულში სრულ მზადყოფნაში იქნება, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისა და ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, კალათბურთის ევროპის ჩემოპიონატიც გადაიდო და ის მომავალი წლის ნაცვლად, 2022 წელს ჩატარდება.

დღევანდელი მდგომარეობით, მთლიანად დასრულებლია საძირკვლის მოწყობისა და მშენებლობის საწყისი ეტაპის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები, ასევე ხიმინჯების (110 ცალი) შენება, სრულად დამთავრებულია ნულოვანი ბეტონის ფილისთვის ლითონის კონსტრუქციის ქსოვის სამუშაოები, ამჟამად კი მიმდინარეობს კოლონების მოწყობის სამუშაოები და პირველი სართულის მშენებლობა.

“რამდენიმე დღის წინ მშენებარე არენას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან ერთად ვეწვიე და მახარებს, რომ ძირითადი, რთული სამუშაოები უკვე შესრულებულია. დარბაზი 2021 წლის ივლისისთვის უნდა დასრულდეს და ნამდვილად გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ კომპანია ვადებში ჩაეტევა. მალე საქართველოს ექნება ევროპული სტანდარტების 10-ათასკაციანი სპორტის სასახლე, რომელიც ერთიანი კომპლექსის ნაწილი იქნება. ახალი არენა გვირაბით დაუკავშირდება 2015 წლისთვის აგებულ ოლიმპიურ სასახლეს, რომელშიც ორი სხვადასხვა ტევადობის დარბაზია. ერთში 3 ათასი ადამიანი ეტევა, მეორეში – 800”, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ოთხ ქვეყანაში ჩატარდება. თბილისის გარდა, ჯგუფური ეტაპის მატჩებს პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი (გერმანია) და მილანი (იტალია) უმასპინძლებენ, ფინალური რაუნდი კი ბერლინში (გერმანია) ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები