Thumbnail

ბენფიკა ტერორში - ავტობუსს ქვები დაუშინეს, ფეხბურთელები დაშავდნენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტონდელასთან უგოლო მატჩის შემდეგ, ბენფიკას ავტობუსს ქვები დაუშინეს
  • შუშის ნამსხვრევებისგან დაზიანებები გუნდის ორმა ფეხბურთელმა მიიღო

ავტობუსს, რომლითაც ლისაბონის ბენფიკას ფეხბურთელები მგზავრობდნენ, უცნობებმა ქვები დაუშინეს. არიან დაშავებულები. ინციდენტი პორტუგალიის განახლებულ ჩემპიონატში ჩატარებული კლუბის პირველი მატჩის შემდეგ მოხდა.

ბენფიკას პრესსამსახურის ცნობით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსი სტადიონიდან "ეშტადიუ და ლუშიდან" საწვრთნელი ცენტრისკენ მიემართებოდა. შუშის ნამსხვრევებისგან დაზიანებები ნახევარმცველებმა, იულიან ვაიგლმა და ანდრეა ჟივკოვიჩმა მიიღეს. დაზარალებულები სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბენფიკამ უკვე მოუწოდა სამართალდამცველებსა და ხელისუფლებას, სასწრაფოდ დააკავოს და დასაჯოს დამნაშავეები, თავად კი თანამშრომლობისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. ამ დროისთვის დამნაშავეები ამოცნობილები ჯერ კიდევ არ არიან.

"აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მსგავი მოვლენები ჩვენს საზოგადოებაში ისევ ხდება. ისინი არ არიან ფეხბურთის ფანები, ეს დანაშაულია", - ნათქვამია პორტუგალიის ლიგის განცხადებაში. 

ბენფიკას დაზიანებული ავტობუსი თავდამსხმის შემდეგ

პორტუგალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში ბენფიკამ ტონდელას უმასპინძლა და შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. ბენფიკას 60 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს, პორტუსთან დამატებითი მაჩვენებლების წყალობით ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები