Thumbnail

'ეს სწორი ნაბიჯია' - NBA-ს კომისრის კომენტარი სეზონის განახლებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

NBA-ს კომისარმა ადამ სილვერმა პანდემიის პირობებში სეზონის განახლების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. 

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, NBA-ს სეზონი 13 მარტს შეწყდა. 4 ივნისს კი, ლიგის დირექტორთა საბჭომ სეზონის განახლების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი, 22 გუნდის მონაწილეობით, ორლანდოში (ფლორიდის შტატი, აშშ) ჩატარდება. გადაწყვეტილება პრაქტიკულად ერთხმად მიიღეს, ერთადერთი კლუბი კი, რომელიც სეზონის რესტარტის წინააღმდეგ წავიდა, პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი იყო. 

გოგა ბითაძის ინდიანა იმ 22 გუნდშია, რომლებიც სეზონს განაახლებენ.

"NBA-ს სეზონის განახლების გეგმის დამტკიცება სწორი ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემია უდიდეს პრობლემებს ქმნის, ვიმედოვნებთ, რომ მედიცინის ექსპერტებთან ერთად შემუშავებული მკაცრი პროტოკოლის საფუძველზე, სეზონს უსაფრთხოდ და პასუხისმგებლიანად დავასრულებთ", - ამბობს სილვერი.

კომისარმა ასევე აღნიშნა, რომ ლიგა და მოთამაშეები ერთად იმუშავებენ აშშ-ში რასობრივი ძალადობის პრობლემების გადასაჭრელად. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლებიც მინეაპოლისში პოლიციელის მიერ ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით არის გამოწვეული.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა აშშ-ში დემონტრაციებისა და მასობრივი არეულობის მიზეზი გახდა

"ვაღიარებთ, რომ სეზონის განახლებისთვის მზადებასთან ერთად, შოკში ვართ ცოტა ხნის წინ გამოვლენილი რასობრივი ძალადობისა და უსამართლობის გამო. კვლავაც გავაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას ჩვენს გუნდებსა და მოთამაშეებთან, რათა ჩვენი ერთობლივი რესურსი და გავლენა ამ პრობლემების გადასაჭრელად გამოვიყენოთ", - აცხადებს ადამ სილვერი.

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები