Thumbnail
  • როგორ შეიქმნა დიეგო მარადონას ფენომენი
  • ის არგენტინის და მისი კულტურის პროდუქტია
  • დიეგო მთელი კარიერა სუსტების მხარეს იყო

📌 2020 წლის 25 ნოემბერს მსოფლიომ დიეგო მარადონა დაკარგა. გენიალური არგენტინელი ათიანი 60 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 'ფეხბურთის ღმერთს' გული გაუჩერდა... ეს სტატია ჩვენმა ავტორმა გიორგი უგულავამ დიეგოს შესახებ ცოტა ხნის წინ დაწერა. ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტექსტია მათ შორის, რაც 'პოპსპორტზე' წაგიკითხავთ. 

El Diego ის ფენომენია, რომელიც ფეხბურთის და ზოგადად სპორტის საზღვრებში არ ჯდება. ეს კულტურული მოვლენაა. მარადონამ გოლებზე, ჩემპიონობებზე და ტიტულებზე ბევრად დიდი რამ შექმნა - თავისი ლეგენდა დაწერა.

თუ ფიქრობთ, რომ მარადონა მხოლოდ ფეხბურთი და სკანდალებია, ძალიან ცდებით. დიეგოს ფენომენის შექმნას თავისი პოლიტიკური, კულტურული და სოციალური მიზეზები აქვს. მაშ ასე: როგორ შეიქმნა ლეგენდა სახელად El Diego?

გმირის მოლოდინში

მარადონა სწორ დროს და სწორ ადგილზე დაიბადა. ცოტა უცნაური ფრაზაა, მაგრამ ასეა. დიეგო არგენტინის და არგენტინული კულტურის პროდუქტია. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ის ზუსტად ისეთივე დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, თუმცა მისი ლეგენდა არგენტინის გარეშე არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის.

არგენტინელებს დანარჩენ სამხრეთ ამერიკასთან (და ალბათ მთელ მსოფლიოსთანაც) კულტურული უპირატესობის შეგრძნება აქვთ. პირად საუბარში ამას ნებისმიერი სამხრეთამერიკელი დაგიდასტურებთ. ამას თავისი მიზეზები აქვს: არგენტინულ კულტურაში ევროპული ელემენტი უფრო მეტია, ვიდრე კონტინენტის სხვა ქვეყნებში. ეს აისახება მენტალიტეტზეც, ცხოვრების წესზეც და ხშირ შემთხვევაში, კანის ფერზეც. არგენტინელებს უზომო ნაციონალური სიამაყე აქვთ.

დიეგო ბავშვობიდანვე არგენტინის ნაციონალური სიამაყე იყო

კონტინენტის მთავარი საფეხბურთო და კულტურული დაპირისპირებაც სწორედ ამაზე დგას - უფრო ნაციონალისტური და კონსერვატიული არგენტინა ლიბერალური და კოსმოპოლიტური ბრაზილიის წინააღმდეგ.

ფეხბურთი არგენტინაში ყოველთვის რელიგია იყო. თუმცა უზომო ნაციონალური თუ საფეხბურთო ამბიციების მიუხედავად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატებზე არგენტინის თამაში ერთი დიდი იმედგაცრუება გახლდათ. 1966 წლის მუნდიალის მეოთხედფინალი მათ საუკეთესო ‘მიღწევად’ რჩებოდა. არადა, ამ პერიოდში მათმა უპირველესმა მეტოქემ, ბრაზილიამ, სამი მუნდიალი მოიგო და ფეხბურთის წყალობით თავისი ქვეყანა მთელ მსოფლიოს გააცნო.

იმედგაცრუება უფრო ღრმავდებოდა იმის გათვალისწინებით, რომ არგენტინას ინდივიდუალურ დონეზეც არ ჰყავდა ისეთი ვარსკვლავები, რომლებიც ამ ქვეყნისთვის მთელ მსოფლიოში სამარკო ნიშნად იქცეოდნენ. ეს იმ დროს, როცა პოსტომისეულ ეპოქაში ბრაზილიას იმდენი დიდი ფეხბურთელი ჰყავდა, რომ შემადგენლობაში მათთვის ადგილის მოძებნა ჭირდა. პელე, გარინჩა, დიდი, ჟაირზინიო - ეს ამ სიის მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია. ამ ეპოქის ორმა მთავარმა არგენტინელმა - დი სტეფანომ და სივორიმ - კარიერის გაგრძელებაც და ცხოვრებაც ევროპაში არჩიეს. სივორი იტალიის მოქალაქე გახდა, დი სტეფანო კი - ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა.

მარადონა გამოჩენისთანავე ნაკრების ლიდერად იქცა

ამ დროს გამოჩნდა მარადონა. ის უკვე ბავშვობიდანვე არგენტინის იმედი და ეროვნული სიამაყე იყო. 16 წლის ასაკში "კოკა-კოლამ" მას რეკლამისთვის 600 000 დოლარი, იმ დროისთვის მართლაც კოლოსალური თანხა გადაუხადა.

დიეგო ბავშვობიდანვე მთელი ქვეყნისთვის ის კაცი იყო, რომელსაც არგენტინისთვის დიდი გამარჯვებები უნდა მოეტანა. არგენტინას უკვე მაშინ სჯეროდა, რომ დიეგო პელეზე დიდი უნდა გამხდარიყო. ეს ნაციონალური ამოცანა იყო. მარადონას კარიერა ლეგენდით დაიწყო.

პერონი და ვიდელა

ნაციონალისტურ განწყობებს არგენტინაში კიდევ უფრო აძლიერებდა ის ფაქტი, რომ იმ დროს, როდესაც მარადონა კარიერას იწყებდა, არგენტინას ულტრამემარჯვენე სამხედრო დიქტატორები მართავდნენ. პოლიტიკამ დიეგოს კარიერას თავისი დაღი დაასვა.

ამ პერიოდის არგენტინა ორ ნაწილადაა გაყოფილი - ‘პერონისტებად’ და ‘ანტიპერონისტებად’. ხუან პერონი ყველაზე ცნობილი არგენტინელი პოლიტიკოსია. ის სახალხო ლიდერად მიიჩნეოდა. პერონი სამი ვადით იყო არგენტინის პრეზიდენტი. ამ ხნის განმავლობაში მან სოციალური რეფორმები გაატარა, გაზარდა ხელფასები, შექმნა საყოველთაო დაზღვევის სისტემა. პერონი მუშების და უბრალო ხალხის პრეზიდენტად მიიჩნეოდა. სამაგიეროდ, ის არ უყვარდათ განათლების და ხელოვნების ელიტებს. მაგალითად, არგენტინის უპირველესი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი ანტიპერონისტი იყო.

ხუან პერონი და მისი ცოლი ევიტა - არგენტინაში საკულტო პერსონაჟი

პერონს მემარცხენე საგარეო კურსის და საბჭოთა კავშირისადმი სიმპათიის გამო ამერიკელებიც ემტერებოდნენ. მან ადგილობრივი საწარმოების ნაციონალიზაცია მოახდინა - ანუ, ამერიკული და ევროპული კომპანიების ნაცვლად მათ სახელმწიფო ფლობდა. პერონის არგენტინა ‘ცივი ომის’ დროს სანქციების ქვეშ მოხვდა. გაუარესებულ ეკონიმიკურ მდგომარეობას სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვა და პერონი 18 წელი ქვეყნიდან გაქცეული იყო.

რა შუაშია ეს დიეგოსთან? პერონს სპორტი ძალიან უყვარდა: მან ჩაატარა კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინაში, უნდოდა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა და მიიღო 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ პერონი არგენტინის ყველაზე სახალხო გუნდის, ბოკა ხუნიორსის თავგადაკლული გულშემატკივარი გახლდათ.

პერონის სიკვდილის და კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, არგენტინის სათავეში დიქტატორი, გენერალი ვიდელა მოვიდა. პერონისტების დევნა ქვეყნის ყოველდღიურობისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა.

1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებში ბოკას არცერთი ფეხბურთელი არ წაიყვანეს და მუნდიალის არცერთი თამაში არ ჩატარებულა ‘ლა ბომბონერაზე’, ბოკას მშობლიურ სტადიონზე. ასე დასაჯა ვიდელამ პერონის საყვარელი გუნდი. ამ ვითარებაში დიეგომ თავისი არჩევანი სწორედ ბოკა ხუნიორსის სასარგებლოდ გააკეთა. არგენტინოს ხუნიორსში გატარებული 5 წლის შემდეგ, ის სწორედ ბოკაში წავიდა. ბოკაში და არა რივერში - ხალხის და არა ელიტების გუნდში.

ისტორიული ფოტო: 1978 წელს გენერალმა ვიდელამ პასარელას თასი პირადად გამოართვა

აქ მან მხოლოდ 40 თამაში ჩაატარა, თუმცა შიდა არგენტინულ ნარატივში El Diego ყოველთვის მხოლოდ ბოკასთან ასოცირდებოდა. ეს მისი მსოფლმხედველობითი არჩევანი იყო. ეს იყო პოლიტიკური განაცხადი, რომ დიეგო მარადონა სისტემის, დიქტატურის წინააღმდეგ მიდის და ხალხის, უბრალო ადამიანების მხარესაა. ეს ადამიანები მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე დიეგოს ყველაზე ერთგული მოკავშირეები იქნებიან.

საუკუნის გოლი

დიეგო არმანდო მარადონა ნაციონალურ გმირად 1986 წლის 22 ივნისს იქცა. ამ დღეს არგენტინა მუნდიალის მეოთხედფინალში ინგლისს ხვდებოდა. დიეგოს ორი ყველაზე ცნობილი გოლის შესახებ ყველამ ვიცით - 4-წუთიან ინტერვალში ჯერ ხელით გაიტანა და შემდეგ ცენტრიდან მთელი ინგლისი მოატყუა და ისე შეაგდო.

ამ გოლში მთავარი პოლიტიკური კონტექსტია, თორემ მსგავსი გოლი ამავე მუნდიალზე მარადონამ ბელგიასაც გაუტანა, ნახევარფინალში.

ინგლისსა და არგენტინას შორის საფეხბურთო ურთიერთობა ჯერ კიდევ 1966 წელს გაფუჭდა. ინგლისი მუნდიალს მასპინძლობდა და მეოთხედფინალში არგენტინას შეხვდა. არგენტინას ამ დროს სამხედრო დიქტატორები მართავენ და მუნდიალზე წარმატებული თამაში სახელმწიფო ამოცანა იყო. გერმანელმა მსაჯმა, ‘ალბისელესტეს’ კაპიტანი რატინი გინებისთვის გააძევა, ოღონდ თამაშის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მსაჯმა ესპანური საერთოდ არ იცოდა. უსამართლობით გაცოფებულ არგენტინელებს სერ ალფ რამსეიმ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა’ ‘პირუტყვები’ უწოდა. არგენტინა ძალიან შეურაცხყოფილი იყო.

გოლი 'ღმერთის ხელით' - 165-სანტიმერიანი მარადონა 20 სანტიმეტრით მაღალ შილტონს 'გადაახტა'

მათ შორის პოლიტიკური ურთიერთობებიც დაიძაბა. ვიდელას მთავრობამ მალვინის კუნძულების დასაკუთრება გადაწყვიტა. რუკას თუ დახედავთ, მალვინები, ანუ, როგორც ინგლისელები უწოდებენ, ფოლკლენდის კუნძულები, არგენტინაა, თუმცა ოფიციალურად ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ იყო. ინგლისმა ფოლკლენდი არგენტინას არ დაანება და ომი დაიწყო. დიქტატურის პროპაგანდა ხალხს ატყუებდა, რომ ამ ომს არგენტინა იგებდა. სინამდვილეში, პირწმინდად დამარცხდნენ და კუთვნილი მიწაც საბოლოოდ დაკარგეს.

სწორედ ამიტომ, არგენტინისთვის ინგლისზე დიდი მტერი არ არსებობს. ომი 1982 წელს დასრულდა. 4 წელიწადში კი დიეგომ არგენტინას ‘საუკუნის გოლით’ თავისი ყველაზე დიდი მტერი დაამარცხებინა. ამ მატჩის და შემდგომი მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ, დიეგო არგენტინაში ღმერთი იყო. იმისათვის, რომ გაიგოთ, რას ნიშნავს ეს გოლი და ეს გამარჯვება არგენტინელებისათვის, კომენტატორის რეაქცია უნდა ნახოთ - ქვითინებს და ღმერთს მადლობას სწირავს, რომ არსებობს ფეხბურთი და არსებობს დიეგო მარადონა.

ხალხის კაცი

დიეგო მარადონა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე ისე იქცევა, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში მიუღებელი კაცია. ის უბრალოდ არაადეკვატურია. ამ სტატიის მიზანი საერთოდ არ არის მარადონას სკანდალებზე საუბარი. ეს უფრო მეტად წიგნების, ან ტომეულების თემაა. მარადონა ის კაცია, რომელიც ბელარუსშიც შეიძლება ნახოთ რაღაც უცნაურ მანქანაზე ამხედრებული, არაბულ ქვეყნებშიც შეიძლება გამოგეცხადოთ მეფის როლში და მექსიკური ნარკოკარტელების გუნდის მწვრთნელის რანგში გასახდელში ფეხბურთელებთან ერთადაც შეიძლება ცეკვავდეს. და ეს მხოლოდ ბოლო წლების ამბებია. ისე კი, მარადონას მთელი ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია.

მას ეს ყველაფერი ეპატიება, რადგან რიგითი არგენტინელებისთვის და, ზოგადად, უბრალოდ ადამიანებისთვის ის მათნაირია, ერთ-ერთი მათგანია. ისინი ხედავენ, რომ მარადონას ზუსტად ის სისუსტეები და უცნაურობები აქვს, რაც მათ. მერე რა, რომ მილიონერი და სუპერვარსკვლავია. დიეგო მაინც ბუენოს აირესის გარეუბანში, უღატაკეს ‘ბარიოებში’ გაზრდილ ბიჭად დარჩა. ისევ ისე იქცევა და ლაპარაკობს. ის, რომ ფულმა და დიდებამ, დიეგო ვერ შეცვალა, უბრალო ხალხის თვალში მას უფრო დიდ გმირად აჩენს.

მარადონა ფიდელ კასტროს თავის ტატუს აჩვენებს

ეს განწყობა მით უმეტეს ძლიერია ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც უკიდურესი გაჭირვებისა და განათლების დაბალი დონის გამო, რადიკალური მემარცხენე იდეები ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო. სწორედ ამიტომაც, ფიდელ კასტრო ცივილიზებული მსოფლიოსთვის მიუღებელი კაცია, თუმცა სამხრეთ ამერიკაში ბევრი მას თანასწორობისთვის მებრძოლ რაინდად მიიჩნევს. მარადონას და ფიდელის მეგობრობაც იმას ნიშნავს, რომ მარადონა უბრალო ადამიანების, თანასწორობის, სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის მხარესაა.

ხუან პერონი, მუშების და გლეხების პრეზიდენტი, მეგობრობდა ჩე გევარასთან და იზიარებდა ფიდელ კასტროს იდეებს. ლათინოამერიკულ ნარატივში ხალხისთვის მებრძოლ გმირებს სისტემა კლავს - ასე დაემართათ პერონს, ჩე გევერას და სალვადორ ალიენდეს. მარადონა კი ამ ხალხისთვის ერთადერთი კაცია, რომელიც სისტემის წინააღმდეგ წავიდა და გაიმარჯვა. თუნდაც ფეხბურთში, მაგრამ მაინც გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ უყვართ ის ასე ძალიან. ის მათ სათქმელს ამბობს - აკრიტიკებს ამერიკას, კაპიტალიზმის სამშობლოს, რომელმაც პერონის არგენტინა მოკლა; აკრიტიკებს რომის პაპს, ფუფუნების, სიმდიდრის და კორუფციის გამო. El Diego ამ ხალხის ხმაა.

დიეგო, ჩე გევარა და მანდელა - 30 წლის შემდეგაც ისინი სახალხო ბრძოლის სიმბოლოები არიან

ის კულტურული და სოციალური ფენომენია, უბრალო, გაჭირვებული ადამიანების ოცნებას გამოსახავს. თანაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - დიეგო მათნაირია, მათსავით იქცევა და მათსავით აღიქვამს სამყაროს.

დედა, შეყვარებული ვარ, მარადონა ვნახე

დიეგოს ‘სახალხო’ იმიჯი იტალიაში გადასვლის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა. არგენტინაში ის ბოკასთან, სახალხო გუნდთან ასოცირდებოდა, მისი პირველი ევროპული გამოცდილება ბარსელონას, კიდევ ერთ სახალხო გუნდს უკავშირდება. თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ნაპოლიში გადასვლა ნიშნავდა.

დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან უცნაურია, თუ რა უნდოდა მარადონას, იმ დროს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელს, პროვინციულ ნაპოლიში - გუნდში, რომელსაც მანამდე მხოლოდ 1 იტალიის თასი ჰქონდა მოგებული.

მისი გადასვლა ასევე განაცხადი იყო: არა იუვენტუსში, ანიელების იმპერიაში და პლატინისთან, არა სილვიო ბერლუსკონის მილანში ან არისტოკრატულ ინტერში, არამედ გაჭირვებულ და კრიმინალურ ნეაპოლში, ქალაქში, სადაც პლაჟზე გასული დამსვენებლები საფულეებს მანქანებში ტოვებდნენ, რომ ხულიგნებისგან დაეცვათ თავი.

იტალიაში სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის კულტურული და სოციალური დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა. გაჭირვებული სამხრეთი ჩრდილოეთში არასოდეს უყვარდათ. მით უმეტეს, ნეაპოლი თავისი მაფიის, ‘კამორას’ ქსელით, უცნაური აქცენტით და კიდევ უფრო უცნაური ცხოვრების წესით. მარადონაც იქ იმიტომ წავიდა, რომ თავისი საყვარელი საქმე ეკეთებინა - ებრძოლა სისტემის, ძლიერების წინააღმდეგ, სუსტების ბანაკში.

დიეგო ნეაპოლში

ნეაპოლელებს მთელს იტალიაში ყოველთვის დასცინოდნენ. ეს დღემდე ასეა. მათ უწოდებენ Cholerati (ქოლერაგადატანილებს) და Terremottati (მიწისძვრაგადატანილებს).

მილანის გულშემატკივრების სიმღერა, როდესაც ნაპოლის ეთამაშებიან ასე ჟღერს: "რა სუნია, ძაღლებიც კი გარბიან. ნეაპოლელები ჩამოვიდნენ, ქოლერა- და მიწისძვრაგადატანილები - ის ხალხი, ვინც არ იცის, რა არის საპონი. მთელი იტალიის სირცხვილი'.

ეს სიმღერა ძალიან კარგად ასახავს ნეაპოლელებისადმი დამოკიდებულებას.

მარადონამ სწორედ ეს ქალაქი აირჩია და ალბათ ისტორიაში პირველად, ნეაპოლი დანარჩენ იტალიას ზემოდან უყურებდა - მათთან პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობდა. როდესაც მილანის ან სხვა გუნდის გულშემატკივარი ნეაპოლელთა შეურაცხმყოფელ სიმღერებს იწყებდა, პასუხად ნაპოლის Curva B მღეროდა: "დედა, რატომ ცემს ჩემი გული ასე ჩქარა? იმიტომ, რომ მარადონა ვნახე, შეყვარებული ვარ!"

ისტორიაში პირველად და უკანასკნელად, დიეგომ ნაპოლის სკუდეტო მოაგებინა - თანაც ორჯერ და თანაც პლატინის და მისი იუვენტუსის, საკის ლეგენდარული მილანის და ტრაპატონის ‘გერმანელების’ ინტერის წინააღმდეგ.

პირველ სკუდეტოს ნეაპოლი ქუჩებში ხუთი დღე გადაბმულად ზეიმობდა. ‘თქვენ ხომ არ იცით, რას ვერ მოესწარით’ - ასე მიმართეს ნეაპოლის სასაფლაოზე გრაფიტით გარდაცვლილებს, ამ გამარჯვების შემდეგ.

ნეაპოლში მარადონა ისევ ხალხის ნაწილი იყო. მისი ნახვა ყოველთვის შეიძლებოდა ესპანურ კვარტალში, ფორსელაში, სანიტასა და სპაკანაპოლიში - ნეაპოლის უბნებში, სადაც კლუბები და სხვა გასართობი დაწესებულებებია.

Dios (ღმერთი) და Umano (კაცი) - დიეგოს მურალი ნეაპოლში

ნეაპოლში დაიწყო მისი ურთიერთობა ‘კამორასთან’ - ადგილობრივ მაფიასთან. თუკი კამორა თქვენში დაახლოებით იმ ტიპის კრიმინალური სისტემად მიგაჩნიათ, როგორიც ‘ნათლიაში’, ან სხვა ამ ტიპის ფილმში გაქვთ ნანახი, ცდებით. 'კამორა' ნეაპოლში ყველაზე დიდი დამსაქმებელია. რეალურად, ეს არის კრიმინალური ბიზნეს-ორგანიზაცია. მის შესახებ ბევრი ფილმი და წიგნი არსებობს - საუკეთესო ალბათ რობერტო სავიანოს ‘გომორაა’. ნეაპოლში 'კამორა' ყველგანაა.

ჯულიანოს კლანმა დიეგოს მალევე შეუთვალა, რომ ნეაპოლში კომპანიისთვის ბიზნესის დაწყება არ იყო კარგი იდეა ‘ღარიბთა დამცველებთან’ განხილვის გარეშე. კამორას დიეგოს იმიჯის გამოყენება თავისთვის უნდოდა. ‘ღარიბთა დამცველებს’ ისინი თავის თავს უწოდებდნენ. დიეგომ პირდაპირ უპასუხა: ‘ბედნიერი ვიქნები, ნეაპოლში ბიზნესი ჩემი სახის გამო თუ გადარჩება’. ასე იქცა მარადონა ‘კამორას’ და მისი კუთვნილი კომპანიების სახედ.

დიეგო ამით არასოდეს შეწუხებულა. ის ‘ბარიოებიდან’ წამოსული ბიჭი იყო და ეჭვი მაქვს, მისთვის ჯულიანოსთან ურთიერთობა უფრო იოლი იყო, ვიდრე რომის პაპთან. მარადონა გულწრფელად მეგობრობდა მათთან, იყო მათი სტუმარი წვეულებებსა და ნათლობებზე.

კარმინე ჯულიანოს სახლის ჩხრეკის დროს პოლიციამ 71 ფოტო აღმოაჩინა, როდესაც დიეგო მასთან ერთად პოზირებს - ხან წვეულებებზე, ხან საუნაში. ჩანს, რომ მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

'კამორასთან' კონტაქტმა ნეაპოლში დიეგოს, როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი კაცის იმიჯი კიდევ უფრო გაამყარა. ნეაპოლში აღიქვამდნენ, რომ ის ერთ-ერთი მათგანი იყო.

როდესაც 1990 წელს, მუნდიალის ნახევარფინალის წინ, მარადონამ ნეაპოლელებს მიმართა - Napoli non è Italia” (ნეაპოლი იტალია არ არის’) და მოუწოდა, ‘სან პაოლოზე’ გამართული მატჩის წინ მხარი მისი არგენტინისთვის დაეჭირათ და არა მასპინძელი იტალიისთვის, მას მართლაც სჯეროდა, რომ ამ ქალაქს პირადად მან უფრო მეტი რამ გაუკეთა, ვიდრე დანარჩენმა იტალიამ.

იტალიაში მარადონაზე რამდენიმე საქმეა აღძრული, ამის მიუხედავად, ის ნეაპოლში დღემდე ღმერთია. მისი ფოტო ხატებთან ერთად უკიდიათ და მასზე ლოცულობენ.

ფორსელაში კედელზე დიდი წარწერა დღემდე შემორჩა: Diego, facci ancora sognare – ‘დიეგო, ისევ მოგვეცი ოცნების შანსი’.

მითი თუ რეალობა

არაფერი ხდის მარადონას ლეგენდას ისე დიდს, როგორც მითები მისი ცხოვრების შესახებ. დიეგოს ცხოვრება ერთი დიდი მითია - რთულია, გაიგო, სად გადის ზღვარი გამონაგონსა და რეალობას შორის. მისი გულშემატკივრისთვის დიეგო წაუგებელი კაცია. როცა აგებს, მაშინაც ტყუილით და უსამართლოდ. ასე აღიქვამენ მარადონისტები სამყაროს.

...და გარკვეულწილად მართლებიც არიან - ვერავინ იტყვის რომ დიეგო იღბლიანი კაცია, პირიქით. 1978 წელს მენოტიმ მაშინ სულ ახალგაზრდა ვუნდერკინდი, სახალხო მოლოდინის მიუხედავად, ნაკრებში არ წაიყვანა. ამიტომაც მსოფლიო ჩემპიონობას კიდევ 8 წელი ელოდა.

1986 წელს მუნდიალი მარადონამ პირადად მოიგო - ეს იყო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი ინდივიდუალური პერფორმანსი. 1990 წელს მუნდიალზე კიდევ ერთი საკულტო მომენტი: ლეგენდარული სოლო რეიდი ბრაზილიასთან და კანიჯას გამარჯვების გოლი მატჩის ბოლოს. 2014 წელს  დაწერილ ‘ალბისელესტეს’  ფანების სიმღერაში მეზობელ ბრაზილიელებს დღემდე ახსენებენ, რომ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ მაინც არ დავიწყებიათ დიეგოს პასი და კანიჯას გოლი: 'Que el Diego te gambeteo, Que Cani te vacuno... Maradona es mas Grande que Pele -  დიეგომ მოგატყუათ, კანიმ (კანიჯამ) გაგაკვირვათ და... ჩვენი მარადონა პელეზე დიდია'.

არგენტინა ამ მუნდიალზე საუკეთესო გუნდი ნამდვილად არ იყო, თუმცა ფინალი მხოლოდ ძალიან საეჭვო პენალტით წააგო. მარადონას და მთელ არგენტინას სჯერა, რომ ფინალი მათ მსაჯმა წააგებინა.

1986 წელი - მსოფლიო თასით ხელში

შემდეგ მუნდიალზე, უკვე ამერიკაში, დიეგო ტურნირიდან დისკვალიფიკაციის გამო მოხსნეს. მითი ამბობს, რომ ფიფას არ უნდოდა მარადონას კიდევ ერთი ჩემპიონობა და სისტემამ ის უბრალოდ თავიდან მოიშორა. არავინ იცის, ეს მართალია, თუ არა. თუმცა, დიეგოს ლეგენდაში ეს ამბავი ასე დარჩა - მინდორზე ვერ ამარცხებდნენ და დისკვალიფიკაცია მოიგონეს.

მითის ნაწილია მისი პირველი დიდი დისკვალიფიკაციაც. მარადონა ამტკიცებდა, რომ იტალიაში ის მასპინძელი ნაკრების დამარცხებისთვის დასაჯეს. სიმართლის მარცვალი არის: დიეგოს ცხოვრების წესი - კოკაინი, ქალები გამოძახებით და 'კამორას' წვეულებები მთელმა ნეაპოლმა იცოდა. თუმცა მანამდე ამაზე რეაქცია არავის ჰქონია.

არსებობს კიდევ ერთი მითი: კამორა ნეაპოლში არალეგალურ გემბლინგს აკონტროლებდა. 1990 წელს ნაპოლი აუტსაიდერი იყო და მისი ჩემპიონობის არავის სჯეროდა. ნეაპოლელებმა ფული მაინც თავის საყვარელ გუნდზე დადეს. 'კამორამ' ნაპოლის სკუდეტოს გამო დიდი ფული წააგო. ლო რუსოს კლანმა დიეგოს და ნაპოლის ჩემპიონატის დათმობა მოთხოვა, უარი მიიღო და ამის შემდეგ ‘კამორამ’ ის აღარ დაიცვა. პოლიცია მისით დაინტერესდა. ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება.

მარადონაზე წიგნები იწერება. ამ სტატიის მიზანი არ არის შეთქმულების თეორიებში გარკვევა. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ამ ამბებმა, სადაც სიმართლე და მითი ერთმანეთში ისეა აღრეული, რომ მისი გარკვევა ჭირს, დიეგოს ლეგენდა, ნარატივი მისი სიდიადის შესახებ, კიდევ უფრო დიდი გახდა. მარადონა მითოლოგიურ პერსონად იქცა. კაცად, რომელსაც სამართლიან ბრძოლაში ვერ დაამარცხებ.

მარადონა და მესი

თუ ფიქრობთ, რომ მარადონასა და მესის შორის რომელი ჯობია, ეს უნდა გითხრათ, კიდევ ერთხელ ცდებით. მსგავსი დისკუსია უბრალოდ სისულელეა. ორივე ეს მოთამაშე სხვადასხვა ეპოქას წარმოადგენს.

მარადონა რიცხვებით ახლოსაც ვერ მივა მესისთან: არგენტინის კარებში მას 91 თამაშში 34 გოლი აქვს გატანილი, ნაპოლიში კი 5 წელიწადზე მეტში - 81. დაახლოებით ამდენი მესის ერთ წელიწადში გააქვს. მარადონას ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგია.

მარტო ყველას წინააღმდეგ - ჩვეული რეალობა მარადონასთვის

თუმცა, დიეგოს თავისი ლეგენდა აქვს: მას ჩავის, ინიესტას და სუარესის გვერდით არასოდეს უთამაშია, ის ‘სუსტების’ მხარეზე იყო და რაც მოიგო, ასე მოიგო. ალბათ არავის ფეხბურთის ისტორიაში, არ შეეძლო, რომ ასე ეთამაშა გადამწყვეტი შეხვედრები - შეექმნა შედევრები ზუსტად ინგლისთან, ან ბრაზილიასთან. ალბათ ვერავინ აძლევდა თავისი შეშლილი ენერგიით იმდენ ძალას და იმედს თანაგუნდელებს და თავის გულშემატკივარს, როგორც მარადონა. ბოდიში ლეო, მაგრამ აქ დიეგო უკონკურენტოა.

მთელი კარიერის მანძილზე, სუპერვარსკვლავებთან მას თითქმის არ უთამაშია. მის გვერდით, რიგითი ფეხბურთელები მზად იყვნენ, კარიერის თამაში ჩაეტარებინათ. მარადონას თავისი ელექტრონული, ზეადამიანური ძალით, ემოციით შეეძლო მის გარშემო ყველაფერი დაემუხტა.

მესი ჩვენი ეპოქის პროდუქტია, ეპოქის, რომელშიც სხვა რეალობაა - ჩვენს დროში მარადონასავით უბრალოდ ვეღარ იცხოვრებ. სხვა დროა. მესიზე ვერც იმას იტყვი, რომ არგენტინის, მისი კულტურისა და მენტალიტეტის შვილია - ლეო ბარსელონაში გაიზარდა.

რისი თქმა მინდა? მარადონასავით დიდი ფეხბურთი სხვამაც შეიძლება ითამაშოს, თუმცა ის, რასაც ალბათ ვერავინ გაიმეორებს, El Diego-ს ლეგენდაა - მთელი მისი პოლიტიკური, კულტურული, მენტალური და ფსიქოლოგიური დეტალებით. სწორედ ამიტომ არის მარადონა კულტურული და სოციალური ფენომენი. სწორედ ამიტომ დგას ფეხბურთის საზღვრებს მიღმა.

კომენტარები

ბოლო ამბები