Thumbnail
  • დეიან მილოიევიჩმა მეგა ბიმაქსი 8-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა
  • მილოიევიჩი იგორ კოკოშკოვის ასისტენტად რჩება

სერბეთის ნაკრებში იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა დეიან მილოიევიჩმა მეგა ბიმაქსის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. 43 წლის სპეციალიტი, რომელიც 2001 წელს ევრობასკეტის გამარჯვებული გახდა მოთამაშის რანგში, მეგას 8 წლის განმავლობაში წვრთნიდა, ის გოგა ბითაძის ყოფილი თავკაცია...

"არ ვამბობ, სად მივდივარ, რადგან ჯერ თავადაც არ ვიცი. გაზეთებში დაიწერა, რომ ამერიკაში გადავდივარ. ვადასტურებ, რომ ეს ერთი ვარიანტია. ბედნიერი ვარ, რადგან ბევრი ვარიანტი მაქვს ასარჩევად", - განაცხადა მილოიევიჩმა.

მილოიევიჩი ამაყობს, რომ კლუბმა NBA-ს ბევრი კალათბურთელი მიაწოდა: "ჩვენ 8 წლის განმავლობაში ამერიკაში 10 კალათბურთელი გავუშვით, მეტი მხოლოდ პარტიზანმა შეძლო, ცრვენა ზვეზდამ კი - მხოლოდ სამი თუ ოთხი. 

მეგასთვის და პირადად მილოიევიჩისთვის მთავარი სიამაყე დენვერის ვარსკვლავი ნიკოლა იოკიჩია, რომელიც მეგაში თამაშობდა: 

"ნიკოლა იოკიჩი ჩვენი უდიდესი სიამაყეა, ის დიდი ტალანტია, მე კი ბედნიერი ვარ, რომ მის განვითარებაში წვლილი მიმიძღვის. ჩემი როლი მისი პოტენციალის განვითარება იყო, რომ ამერიკაში მისთვის კარი გახსნილიყო.

მაგრამ მხოლოდ იოკიჩი არ არის - სხვა მრავალი მაღალი დონის კალათბურთელი აღვზარდეთ, რომლებიც NBA-ში მოხვდნენ - ივიცა ზუბაცი, გოგა ბითაძე, ბობან მარიანოვიჩი... ყველამ, ვინც მეგას სისტემა გაიარა, თავი ამერიკაშიც გამოიჩინა. NBA-ში იციან, რომ მეგა წარმატებული პროექტია და მე ამით ვამაყობ".

მილოიევიჩმა იგორ კოკოშკოვთან თანამშრომლობაზეც ილაპარაკა:

"პირველი შეკრება დიდებული იყო. მე ძალიან მომეწონა იგორ კოკოშკოვთან ერთად მუშაობა. ის ტოპმწვრთნელი და ექსპერტია. მან ბევრს გაუკვალა გზა ევროპიდან NBA-ში. თავად ძალიან მცირე კარი გამოიყენა და გახდა პირველი ევროპელი მწვრთნელი NBA-ს გუნდში. ის დიდებული ადამიანია". 

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე 2016-2019 წლებში თამაშობდა მეგა ბიმაქსში (მცირე დროს თუ არ ჩავთვლით, როცა იჯარით ბუდუჩნოსტში გადავიდა და ევროლიგაზე ითამაშა). 2019 წლის NBA-ს დრაფტზე ის ინდიანა პეისერსმა მე-18 ნომრად აიყვანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები