Thumbnail

‘ვერავის ვურჩევ იმის აღიარებას, რომ გეია’ - კროოსმა GQ-სთან ბევრ რამეზე ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტონი კროოსმა GQ-სთან ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
  • გერმანელ ნახევარმცველს მაღალ დონეზე მწვრთნელობა არ სურს
  • მსოფლიოს ჩემპიონმა ფეხბურთში ჰომოსექსუალიზმზეც ილაპარაკა

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა ტონი კროოსმა GQ-სთან ინტერვიუში თავის მომავალსა და ფეხბურთში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. 30 წლის ნახევარმცველი ფეხბურთში ჰომოსექსუალიზმის თემასაც შეეხო. კროოსმა მადრიდის რეალთან ახალი კონტრაქტი ნოემბერში 2023 წლამდე გააგრძელა, ხსენებულ ინტერვიუში კი იმაზე ისაუბრა, თუ რას აპირებს 2023 წლის შემდეგ.

“როცა რეალთან ახალი კონტრაქტი დამიმთავრდება, 33 წლის ვიქნები და რამდენიმე ვარიანტი მექნება: ან აქ უნდა დავრჩე, ან რაღაც სხვა გავაკეთო, ანაც კარიერა დავასრულო. თუმცა მე ყოველთვის მინდოდა, რომ კარიერა რეალ მადრიდში დამემთავრებინა,” - განაცხადა კროოსმა და დასძინა, რომ კარიერის აშშ-ში გაგრძელებაზე არ ფიქრობს: “მე არ ვარ ისეთი ტიპი, რომელიც კარიერის ბოლოს MLS-ში ითამაშებს.”

'თუ მწვრთნელი გავხდები, ისევ იმაში დავბრუნდები, რაც ფეხბურთში ყველაზე მეტად არ მომწონს'

კროოსს უკვე იმაზეც ნაფიქრი აქვს, რას გააკეთებს კარიერის დასრულების შემდეგ და ზუსტად იცის, რომ მწვრთნელობა არ სურს: “საკუთარი თავი მაღალ დონეზე მთავარ მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია, რადგან თუ მწვრთნელი გავხდები, ისევ იმაში დავბრუნდები, რაც ფეხბურთში ყველაზე მეტად არ მომწონს: სულ მოგზაურობა, კვირების განმავლობაში სახლში არმისვლა. მოკლედ, ეს ნამდვილად არ მინდა.” - ამბობს ტონი, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 96 მატჩი აქვს ჩატარებული და ამატებს, რომ ბავშვთა ფეხბურთში მწვრთნელობა ნამდვილად შესაძლებელია.

ტონის კარიერის დასრულება რეალში სურს

კორონა-პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ლა ლიგა ერთ კვირაში განახლდება. კრიზისმა საფეხბურთო ბაზარი მკვეთრად შეცვალა, თუმცა კროოსი არ დარდობს: ”ბოლო დროს ფეხბურთელების ფასები ექსტრემალურად გაიზარდა. არასწორად მიმაჩნდა ის, რომ კორონავირუსამდე ფეხბურთელებში ასეთ თანხებს იხდიდნენ. საშუალო დონის მოთამაშეში 40-50 მილიონის გადახდა არაჯანსაღია. ასეთ თანხებს ადრე აბსოლუტურ სუპერვარსკვლავებში იხდიდნენ.”

კროოსის დაუვიწყარი ჯარიმა შვედეთის ნაკრების კარში (2018)

ტონი კროოსს მიაჩნია, რომ თუ ფეხბურთელს ლიდერობა სურს, თამამად უნდა გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები: “როცა ჟურნალისტები ფეხბურთელებს ინტერვიუებს ართმევენ, მერე ეძებენ რაიმე ისეთ ფრაზას, რაც სკანდალური იქნება და ბევრი ნახავს. ჩემთვის ეს მიუღებელი არ არის. ლოგიკურია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საშიშროება, ბუზი სპილოდ გადააქციონ, ყოველთვის ვამბობ ჩემს აზრს. თუმცა იმ მოთამაშეებისაც მესმის, ვინც ინტერვიუების დროს ფრთხილია.”

'ჩემი ჯანმრთელი ტვინი მეუბნება, რომ 21-ე საუკუნეში ყველა ადამიანმა თავისუფლად უნდა იცხოვროს'

გერმანელი ფეხბურთელი ფეხბურთში ჰომოსექსუალიზმის თემასაც შეეხო: “ჩემი ჯანმრთელი ტვინი მეუბნება, რომ 21-ე საუკუნეში ყველა ადამიანმა თავისუფლად უნდა იცხოვროს. თუმცა არ ვიცი, ვურჩევდი თუ არა ვინმეს აქტიური საფეხბურთო კარიერის დროს იმის ხმამაღლა თქმას, რომ ჰომოსექსუალია. ალბათ მაინც არა. მოედანზე ხშირად ვამბობთ გარკვეულ სიტყვებს და ესეც რომ არ იყოს, ვერავინ ვერავის მისცემს იმის გარანტიას, რომ ფანებს აგრესიული რეაქცია არ ექნებათ.”

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 4 ტური ჩატარდა. 30-ე ტური პარასკევს, ფრაიბურგისა და გლადბახის მატჩით იწყება. ტურის ცენტრალური შეხვედრა ლევერკუზენის და ბაიერნის დაპირისპირებაა, რომელიც შაბათს გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები