Thumbnail
  • The Irish Sun ექვსი ერის ტურნირის რეფორმაზე
  • ირლანდიური რაგბის შეფს The Times-შიც უპასუხეს

დისკუსიები ექვსი ერის მომავალთან დაკავშირებით ევროპულ მედიაში კვლავ გრძელდება. ის უკვე გაცდა ჟურნალისტების მოსაზრებებს, საქმეში სპეციალისტები ჩაერიენ...

მას მერე, რაც იტალიელებმა ექვს ერზე ზედიზედ 25-ე მატჩი დათმეს, Press Association თებერვალში წერდა: "უკვე ძნელია იტალიის გამართლება, საქართველო თავისას ითხოვს"

ამის შემდეგ სერ კლაივ ვუდვორდმა Daily Mail-ში სპეციალური სტატია მიუძღვნა მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნებს და ექვსი ერის საკითხსაც შეეხო. ვუდვორდი რაგბის მამებს მოუწოდებდა, "ერთხელ მაინც გაეკეთებინათ სწორი არჩევანი". მას მერე, რაც ორგანიზაციამ ისევ ბილ ბომონტი აირჩია, ინგლისელმა სპეციალისტმა დაწერა, რომ "მსოფლიო რაგბიმ უნიკალური შანსი გაანიავა".

ბილ ბომონტმა პირველ რიგში, სწორედ ის აღნიშნა, რომ ექვს ერს მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია არ შეეხებოდა.

მაგრამ ყველაზე დიდი აჟიოტაჟი ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბის, სტიუარტ ბარნსის სტატიას მოყვა პრესტიჟულ  The Times-ში, ის ექვსი ერიდან იტალიის გაძევებასა და საქართველოსთვის შანსის მიცემას ითხოვდა. 

სტატიამ განსაკუთრებით იტალიაში გამოიწვია აჟიოტაჟი, ბარნსს იტალიური რაგბის ლეგენდებმა მაურო ბერგამასკომ და მასიმო ჯოვანელიმ უპასუხეს

იტალიელებს მხარი ირლანდიის რაგბის კავშირის დირექტორმა ფილიპ ბრაუნმა დაუჭირა, მან პოდკასტ Off The Ball-ზე განაცხადა, რომ "საქართველო ექვს ერს იმაზე მეტს ვერ შემატებს, რასაც იტალია". სტატიას The Times-ში სტიუარტ ბარნსმა უპასუხა. ბარნსი წერს, რომ ირლანდია ხელს არ უნდა უშლიდეს მსოფლიოში რაგბის განვითარებას, "წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ამ სახეობის მომავლის იმედი აღარ მაქვსო".

ირლანდიური რაგბის ბოსები, მარჯვნივ ფილიპ ბრაუნი

დღეს ექვსი ერის მოდერნიზაციის თემას The Irish Sun-ის სპორტული რედაქტორი ნილ ო'რიორდანი გამოეხმაურა: 

"მსოფლიოში რაგბის განვითარებას აფერხებენ ტრადიციული მმართველები, რომლებსაც საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენის დაკარგვის ეშინიათ". 

ბრაუნი წერდა, რომ იტალიამ რამდენჯერმე მოუგო საქართველოს და დაამტკიცა, რომ უკეთესია. ო'რიორდანი სხვანაირად ფიქრობს:

ნილ ო'რიორდანი: "იტალია საქართველოს ტესტებში სულ ორჯერ შეხვდა, 2003 და 2018 წლებში და მოუგო 9 და 11 ქულის სხვაობით. ჩემი რჩევაა, არასდროს დაავალოთ ბრაუნს გამოკითხვის მოწყობა მისეული საზომებით. იმის თქმა, რომ ეს ორი მატჩი (15-წლიანი შუალედით) არის მტკიცებულება იტალიის ნაკრების უპირატესობის და იმის გარანტია, რომ საქართველო გარეთ დარჩეს, სასაცილოა. 

იტალია ექვს ერს 2000 წელს შეუერთდა, თუ არ ჩავთვლით მსოფლიოს თასებს, საქართველო, თუ გაუმართლებს, წელიწადში ერთხელ ხვდება პირველი დონის ნაკრებებს".

მოკლედ, ირლანდიერ ჩინოვნიკს ირლანდიაშივე უპასუხეს: "IRFU-ს გენერალურმა დირექტორმა ფილიპ ბრაუნმა ზუსტად მაშინ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფერო ისევ ჩაკეტილი უნდა დარჩეს, როცა სამხრეთის ქვეყნებმა, ახალმა ზელანდიამ, სამხრეთ აფრიკამ, ავსტრალიამ და არგენტინამ ერთობლივი განცხადება მიიღეს, რაგბის განვითარების ახლებურ პრინციპებზე, სადაც ერთი პუნქტი სპეციალურად განვითარებად ქვეყნებს ეძღვნება". 

შეგახსენებთ, რომ ექვსი ერის პირველობაში იტალიას 2015 წლის შემდეგ ვერ მოუგია, მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატში პრაქტიკულად აღარ ჰყავს კონკურენტები. საქართველო მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-12 პოზიციაზეა, იტალია - მე-14-ზე.   

კომენტარები

ბოლო ამბები