Thumbnail

ჯენარო გატუზომ უმცროსი და დაკარგა - ექიმებმა ფრანჩესკას გადარჩენა ვერ შეძლეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნაპოლის მთავარი მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ოჯახის წევრი დაკარგა
  • 37 წლის ფრანჩესკა ავადმყოფობას თებერვლის დასაწყისიდან ებრძოდა

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ოჯახის წევრი დაკარგა. იტალიური მედიის ინფორმაციით, გარდაიცვალა სპეციალისტის უმცროსი და, ფრანჩესკა, რომელიც 37 წლის იყო.

ფრანჩესკას გარდაცვალების ზუსტი მიზეზის შესახებ არ იუწყებიან, თუმცა ცნობილია ის, რომ ქალი საავადმყოფოში თებერვლის დასაწყისში მოათავსეს და მას შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაშიც იწვა. 

ჯენარო გატუზომ დის გარდაცვალების ამბავი კასტელ-ვალტურნოში, ნეაპოლის გუნდის საწვრთნელ ცენტრში ყოფნისას შეიტყო.

მომხდართან დაკავშირებით მწუხარება უკვე გამოთქვა მილანმა. გარდა იმისა, რომ ამ კლუბის ღირსებას ჯენარო გატუზო იცავდა, როგორც ფეხბურთელი და შემდგომში როგორც მწვრთნელი, ფრანჩესკა დიდი ხნის განმავლობაში კლუბში მდივნად მუშაობდა.

"რინო, შენთან და შენს ოჯახთან ერთად ვიზიარებთ ამ დანაკლისით გამოწვეულ ტკივილს. განისვენე მშვიდად, ძვირფასო ფრანჩესკა", - ნათქვამია როსონერის განცხადებაში. 

ჯენარო გატუზო მილანში 1999-2012 წლებში თამაშობდა, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კი შვეიცარიულ სიონსა და ბერძნულ ოფი-ს, პალერმოს, პიზასა და მილანს წვრთნიდა. 42 წლის სპეციალისტი ნაპოლიში 2019 წლიდან მუშაობს.

კომენტარები

ბოლო ამბები