Thumbnail
  • თომას მიულერს გერმანიის ნაკრებში არ დააბრუნებენ
  • ამის შესახებ განცხადება ოლივერ ბირჰოფმა გააკეთა

თომას მიულერი მიუნხენის ბაიერნში საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს, რაც დიდი ხნის შემდეგ პირველად ხდება, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იგი გერმანიის ნაკრებში დააბრუნონ. 30 წლის შემტევისთვის ბუნდესგუნდის კარი დახურული რჩება - ამის შესახებ გერმანიის საფეხბურთო კავშირის დირექტორმა ოლივერ ბირჰოფმა “კიკერთან” ინტერვიუში ისაუბრა.

“ძალიან მიხარია, რომ თომასი ფორმაში შევიდა და კარგ სეზონს ატარებს, მაგრამ ბუნდესგუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ გასაგებად ისაუბრა. იოგი ენდობა იმ მოთამაშეებს, რომლებიც გერმანიის ნაკრებში ბოლო დროს თამაშობდნენ და მწვრთნელებისგან მოწონება დაიმსახურეს,” - ასე უპასუხა ბირჰოფმა კითხვას მიულერის შესახებ.

ლიოვმა მიულერი ნაკრებიდან შარშან გაუშვა

შეგახსენებთ, რომ ლიოვმა გერმანიის ნაკრებში დიდი რეორგანიზაცია შარშან დაიწყო და გუნდიდან ისეთი ფეხბურთელები გაუშვა, როგორებიც თომას მიულერი, მატს ჰუმელსი და ჟერომ ბოატენგი არიან. თებერვალში ლიოვმა თქვა, რომ მიულერის ნაკრებში დაბრუნების შანსი ძალიან მცირე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ყველა შემტევი მწყობრში ეყოლებოდა. იოგი მაშინ ევროპის ჩემპიონატს გულისხმობდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.

თომას მიულერი ჯერ მხოლოდ 30 წლისაა, თუმცა ბოლო წლებში მაღალ დონეზე ვეღარ თამაშობდა, ამ სეზონში კი კარგად გამოიყურება და 7 გოლი და 18 საგოლე პასი აქვს. შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 4 ტური ჩატარდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები