Thumbnail

ანდრო გიორგაძის გუნდში COVID 19-ის პანდემიაა - კარპატი კარანტინში მიდის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლვოვის კარპატის მთავარი გუნდის 7 ფეხბურთელს ტესტის პასუხი დადებით ჰქონდა
  • დაავადებულთა შორის არის თუ არა ქართველი ლეგიონერი, ამ დროისთვის უცნობია 

უკრაინულ საფეხბურთო კლუბში, ლვოვის კარპატიში, რომლის ღირსებას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი ანდრო გიორგაძე იცავს, COVID 19-ის დაიგნოზი 26 ადამიანს დაუსვეს. უკრაინული სპორტული მედიის ინფორმაციით, ეს რიცხვი საბოლოო არაა და ის შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

ამ დროისთვის დაუზუსტებელია, ინფიცირებულთა შორის რამდენია ფეხბურთელი და რამდენი - კლუბის თანამშრომელი, მწვრთნელი და ფუნქციონერი. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ტესტზე დადებითი პასუხი მთავარი გუნდის 7 ფეხბურთელს ჰქონდა. ახლა კლუბში ტესტების მეორე პარტიის პასუხების მოლოდინში არიან.

თავდაპირველად ცნობა ანდრო გიორგაძის ინფიცირების შესახებაც გავრცელდა

ლვოვის კლუბში კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა. თავდაპირველად იუწყებოდნენ, რომ სამიდან ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, ანდრო გიორგაძე იყო, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია კლუბში უარყვეს.

შემდგომში კარპატიმ უარი თქვა უკრაინის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში მონაწილეობაზე, რომელიც 31 მაისს მარიუპოლთან უნდა ჩაეტარებინა. ახლა კი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ლვოველები თამაშს ვერც 7 ივნისს, ვორსკლასთან 25-ე ტურის შეხვედრაში შეძლებენ.

იუწყებიან, რომ ლვოვის კარპატის კარანტინში მოათავსებენ, სეზონი კი შესაძლოა კლუბის ახალგაზრდულმა გუნდმა ჩაამთავროს. 

ანდრო გიორგაძის გუნდს უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-12 ადგილი უკავია. 24 წლის ცენტრალური მცველი ლვოველებს წლის დასაწყისში შეუერთდა, ამ გუნდის მაისურით უკრაინის პრემიერლიგაში კი 5 მატჩის ჩატარება მოასწრო.

კომენტარები

ბოლო ამბები