Thumbnail
  • 'სავარაუდო თარიღზე შევთანხმდით, ეს არის ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის დასაწყისი'
  • სრკ-ს პრეზიდენტმა საზაფხულო და საშემოდგომო ტესტების ბედზეც ისაუბრა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე სტუმრად პირველი არხის სპორტულ გადაცემა “ტაიმაუტში” იმყოფებოდა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის, სანაკრებო მატჩებზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, გაუქმდა ან გადაიდო. სვანიძის თქმით, გარკვეულია რაგბის ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან გადადებული თამაშის სავარაუდო თარიღი, ზაფხულის ტესტები აღარ ჩატარდება, ნოემბერში კი, ყველაფერი გეგმისამებრ უნდა იყოს. სრკ-ს პრეზიდენტისვე თქმით, სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებთან კონტაქტი აქვთ და ტესტ-მატჩის ჩატარების შესაძლებლობებს განიხილავენ. 

“როდესაც რუსეთის ნაკრები ჩამოსული იყო, ისიც კი გვთხოვეს, რომ არაოფიციალურად ვითამაშოთო, მაგრამ რეგულაცია, რეგულაციაა და კანონს ვერ დავარღვევდით. რუსეთის ნაკრებთან თამაშს ვგეგმავთ და არამარტო - ჩვენ. მოგეხსენებათ, ტურნირი ევროპა რაგბის ეგიდით მიმდინარეობს და მისი კომპეტენციაა, როდის ჩატარდება. ჩვენ სავარაუდო თარიღზე შევთანხმდით, ეს არის ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის დასაწყისი. ზაფხულის ტესტები გადადებულია და არავინ იცის, როდის ჩატარდება. ნოემბრის ტესტები არ გადადებულა. აფრიკელებმა მოგვწერეს, რომ თუკი იქნება მსოფლიო რაგბის მხარდაჭერა და დამატებითი ფანჯარა გამოიყოფა, მზად არიან, იმავე 20-დღიან რეჟიმში მიგვიღონ და 3 ტესტი ჩავატაროთ, ოღონდ, ამჯერად, კლუბს აღარ ვეთამაშებით. იქნება ტესტი "ქურციკებთან" და 2 მატჩი სამხრეთ აფრიკა A-სთან. თუმცა, ეს, მხოლოდ წინასწარი მონახაზია".

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 მარტს უნდა ჩატარებულიყო და რუსეთი თბილისშიც იყო ჩამოსული. იგეგმებოდა, რომ მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდებოდა, თუმცა, ბოლო წამს რისკზე წასვლისგან თავი შეიკავეს და შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო.

რაც შეეხება მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ისტორიულ ტესტს, “ბორჯღალოსნებს” სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრა 18 ივლისს პორტ ელიზაბეთში ელოდათ, თუმცა, საქმეში, ამ შემთხვევაშიც, კორონავირუსი ჩაერია. იგივე ტურნე ბლუ ბულსთანა და სამხრეთ აფრიკა A-სთან მატჩებსაც მოიცავდა, მაგრამ, ისინიც გადაიდო.

ვთქვათ ისიც, რომ არსებული ინფორმაციით, ქართველ მორაგბეებს შემოდგომაზე 2 მატჩი ელით. შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს “ბორჯღალოსნები” სენტ ეტიენში საფრანგეთს უნდა ეთამაშნონ, 21-ში კი, ფიჯისთან საშინაო შეხვედრაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები