Thumbnail

დინამო ისევ ჩემპიონთა ლიგაშია! გრანდებთან ერთად, უკვე 12 გუნდში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

დინამო თბილისი მომავალ სეზონშიც წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, რაც ქართული კლუბისთვის უდიდესი პატივია. შესაბამისი განცხადება საწყლოსნო სახეობათა ევროპული ლიგის (LEN) წარმომადგენელმა მარკო ბირიმ გააკეთა.

როგორც გაირკვა, წინა სეზონისგან განსხვავებით, უმთავრეს ევროპულ საკლუბო ტურნირში 16 კლუბის ნაცვლად, 12 ითამაშებს. დინამო თბილისი იმ ათ გუნდს შორის მოხვდა, რომელთაც “უაილდ ქარდი” ერგოთ. ჯგუფურ ეტაპზე ასევე ითამაშებენ ევროპული გრანდები: ფერენცვაროში (უნგრეთი), ბარსელონეტა (ესპანეთი), იადრანი (მონტენეგრო), დუბროვნიკი (ხორვატია), მარსელი (საფრანგეთი), ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), პრო რეკო (იტალია), ჰანოვერი (გერმანია) და შპანდაუ (გერმანია).

ამგვარად, “უაილდ ქარდის” მქონდე გუნდთაგან ამჯერად საგზურის გარეშე დარჩნენ მლადოსტი (ხორვატია) და შოლნოკი (უნგრეთი). ისინი სხვებთან ერთად, საკვალიფიკაციო ტურნირში (მიმდინარე წლის ოქტომბერში) ჩაერთვებიან და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე დარჩენილი 2 ადგილისთვის იბრძოლებენ.

რევაზ ჩომახიძის შეგირდები პრესტიჟულ ტურნირზე მომავალ სეზონშიც ითამაშებენ

ჯგუფურ ეტაპზე 12 გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება და შეჯიბრში 11 ნოემბრიდან ჩაერთვება, ჯგუფების 4-4 საუკეთესო კი, რვათა ფინალში გავა და 4-6 ივნისს ჩემპიონობისთვის ჰანოვერში იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი პრესტიჟულ შეჯიბრში პირველად მიმდინარე სეზონში ჩაერთო და მაშინაც “უაილდ ქარდის” საშუალებით. ქართულმა კლუბმა მძიმედ დაიწყო და ზედიზედ 9 მატჩი წააგო, შემდეგ კი, ისტორიული გამარჯვებაც იზეიმა: 3 მარტს თბილისის საცურაო აუზ “ოლიმპიკში” გამართულ შეხვედრაში, რომელიც უკვე მაყურებლების გარეშე ჩატარდა, დინამოელებმა ფრანგულ მარსელს 15:12 სძლიეს.

თბილისელებს ჯგუფურ ეტაპზე კიდევ 4 მატჩი ჰქონდათ ჩასატარებელი (უნგრულ ფერენცვაროშთანა და ბუდაპეშტთან, ხორვატულ ზაგრებთანა და ესპანურ ტერასასთან), თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაც შეწყდა და მას როგორი გაგრძელება ექნება, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

კომენტარები

ბოლო ამბები