Thumbnail

მადრიდის რეალი სანტიაგო ბერნაბეუდან მიდის - ოღონდ დროებით

  • სამეფო კლუბის მთავარ არენაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს
  • ზიდანის გუნდი სეზონის დარჩენილ მატჩებს ალფრედო დი სტეფანოზე გამართავს

მადრიდის რეალი 2019/20 წლების საფეხბურთო სეზონის დარჩენილ მატჩებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" აღარ ჩაატარებს. ზინედინ ზიდანის გუნდი დროებით 6-ათასიან "ალფრედო დი სტეფანოზე" გადაბარგდება, რომელიც "სამეფო კლუბის" საწვრთნელი კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს და მას მადრიდელთა სარეზერვო გუნდი, კასტილია იყენებს.

მადრიდის რეალი დროებით ამ ერანაზე ითამაშებს

"გადავწყვიტეთ, რომ დარჩენილ საშინაო მატჩებს არენა "ალფრედო დი სტეფანოზე" ჩავატაროთ. ეს კლუბს "სანტიაგო ბერნაბეუზე" სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს", - ამბობს მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი.

ამჟამად მადრიდის რეალი "სანტიაგო ბერნებეუს" რეკონსტრუქციას უტარებს და სამუშაოებს არც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად აჩერებს.

რეკონსტრუქციის შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუ ასეთი უნდა იყოს


 რეალის სტადიონის განახლებაზე 570 მილიონამდე ევროს დახარჯვა იგეგმება. ამ თანხაში შედის ვიდეოეკრანის დამონტაჟებაც, რომელიც 360 გრადუსით იმოძრავებს. რეკონსტრუქციაში ასევე  გათვალისწინებულია მოძრავი სახურავის გაკეთება. ამასთან, არენაზე ადგილები უმნიშვნელოდ - 80 242 სავარძლამდე შემცირდება. რეკონსტრუქციის დასრულების ოფიციალურ თარიღად 2022 წლის ოქტომბერია დასახელებული.

ესპანეთის ჩემპიონატის დარჩენილი 11 ტურის შეხვედრები უმაყურებლოდ უნდა ჩატარდეს, ტურნირის რესტარტი კი 11 ივნისს დაინიშნა. რეალი, რომელსაც 27 ტურის შემდეგ 56 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლიდერ ბარსელონას (58) ჩამორჩება, 14 ივნისს ეიბარს უმასპინძლებს.

 

"სანტიაგო ბერნაბეუ" 1947 წელს აიგო და თავდაპირველად მისი სახელწოდება "ნუევო ჩამარტინი" იყო. მას შემდეგ სტადიონს რეკონსტრუქცია რამდენჯერმე ჩაუტარდა: 1954, 1982 და 2001 წლებში.

კომენტარები

ბოლო ამბები