Thumbnail

'ჩვენ ცხოველები არ ვართ' - როდმანი პროტესტის ფორმებმა აღაშფოთა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'აუცილებელია, მათ ვუთხრათ: რატომ ძარცვავთ? რატომ ქმნით სულ უფრო მეტ პრობლემას?'
  • დენის როდმანი გაბრაზებულია, რადგანაც აქციებმა უმართავი ხასიათი მიიღო

NBA-ს ლეგენდარულმა კალათბურთელმა დენის როდმანმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა და იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციელის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო პროტესტს გამოთქვამენ, მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდა. საქმე ის გახლავთ, რომ აქციებმა უმართავი ხასიათი მიიღო და ძარცვისა და ყაჩაღობის ფაქტებს სულ უფრო ხშირად ვაწყდებით.

“აუცილებელია, ახლა ვიღაც გამოვიდეს და მათ უთხრას: “რატომ ძარცვავთ? რატომ ქმნით სულ უფრო მეტ პრობლემას? ამ კორონავირუსის გამო, ისედაც რთული სიტუაციაა. რატომ მიდიხართ და წვავთ სხვის ქონებას? იპარავთ და კანონს არღვევთ?”. ეს ძალიან ცუდი ვითარებაა. თუკი პროტესტის გამოთქმა გსურთ, ეს სწორად უნდა გააკეთოთ. ეს ძარცვას და ხანძრებს არ გულისხმობთ. ჩვენ ადამიანები ვართ და არა – ცხოველები”.

59 წლის როდმანი NBA-ში 1986-2000 წლებში თამაშობდა და 5 საჩემპიონო ბეჭედი (1989, 1990, 1996, 1997, 1998) აქვს მოპოვებული, ლიგის ოლ სტარში კი 2-ჯერ უთამაშია. მისი საშუალო მონაგარი 7.3 ქულა და 13.1 მოხსნა იყო.

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები