Thumbnail

'დიდი შანსია რინგზე მოკვდე' - ბრიტანელი მოკრივე ტაისონს აფრთხილებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'კრივში საკმაოდ გვაქვს შავი ფურცლები და ბინძური ამბები, კიდევ ერთი რომ არ დაემატოს'
  • დილიან უაითი 'რკინის მაიკს' მოუწოდებს სახიფათო განზრახვაზე ხელი აიღოს

ბრიტანელი მოკრივე დილიან უაითი მაიკ ტაისონის რინგზე შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი ის ამ იდეას თავიდან არ ამოიგდებს, არაა გამორიცხული რინგზე მოკვდეს.

“ეს სრული სისულელეა. მეც კი ბრძოლის ჩასატარებლად მთელი რიგი რეგულაციების გავლა მიწევს და დავიჯერო, 53 წლის კაცს, ვთქვათ, 31 წლის ახალგაზრდასთან ჩხუბის უფლებას მისცემენ? ამაში საღი აზრი არაა. რა მოხდება მაშინ, თუკი რინგზე გავა და იქვე მოკვდება? კრივში უკვე საკმაოდ გვაქვს შავი ფურცლები და ბინძური ამბები, კიდევ ერთი რომ არ დაემატოს. ადრეც გვინახავს, ბებრები რომ დაბრუნებულან და რა მივიღეთ აქედან? ცოცხალი ლეგენდა ხარ, შეირგე რა. მესმის, რომ ყველაფერი ფინანსური სარგებლის გამო ხდება, მაგრამ დიდია შანსი ახალგაზრდა და მშიერ მოკრივეებთან ბრძოლისას სერიოზული ტრავმა მიიღოს. შანსი არაა 12-რაუნდიან შეხვედრას გაუძლოს. შეიძლება, გამოცდილების ხარჯზე ვიღაცეებს კი აჯობოს, თუმცა, მას ორგანიზმის გამოცდას არ ვურჩევ”.

34 წლის დილიან უაითი იამაიკაშია დაბადებული, თუმცა, დიდი ბრიტანეთის სახელით ასპარეზობს. 2019 წელს, ის მძიმე წონაში WBC-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ატარებდა, ასევე ექს-ჩემპიონია WBC Silver-ისა და WBO International-ის ვერსიებით. კარიერის სტარტზე უაითი K-1-ში ჩხუბობდა და შერეულ ორთაბრძოლებშიც მონაწილეობდა.

ცნობები იმის შესახებ, რომ ტაისონი რინგზე დაბრუნებას აპირებდა, მიმდინარე თვის დასაწყისში გაჩნდა. მაიკმა ვარჯიშის ვიდეო გაავრცელა, სადაც ამის შესახებ ისაუბრა. ტაისონმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი იყო მძიმე წონაში, პროფესიონალურ კარიერაში 56 ბრძოლა ჩაატარა. მან 44 მეტოქე ნოკაუტში გაუშვა, ხოლო საერთო ჯამში 50 მოგება დააგროვა. “რკინის მაიკი” რინგს 2005 წელს დაემშვიდობა, როდესაც ზედიზედ შედარებით სუსტ მოკრივეებთან დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები