Thumbnail
  • 25 წლის წინათ, რუუდ გულიტის ტრანსფერმა ჩელსიში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია
  • გიორგი ქინქლაძე პრემიერლიგის ისტორიაში საკვანძო ტრანსფერების ხუთეულში

sportsmax.tv-მ სტატია მიუძღვნა 1995 წლის ზაფხულის ტრანსფერებს პრემიერლიგაში - საიტის მტკიცებით, რუუდ გულიტის, დენის ბერგკამპის, გიორგი ქინქლაძის, ჟუნინიოსა და სხვა ვარსკვლავების ტრანსფერმა იმ ზაფხულს სამუდამოდ შეცვალა ინგლისური ფეხბურთი...

მეტი ამ თემაზე:

"ინგლისურ ფეხბურთში ისტორიული თარიღებიც არსებობს. ერთი ასეთი 1995 წლის 31 მაისია, ზუსტად 25 წლის წინათ, ჩელსი იტალიურ სამპდორიას რუუდ გულიტის ტრანსფერზე შეუთანხმდა და ნისლიან ალბიონზე ფეხბურთის სახეც შეიცვალა.

არც ისე დიდი ხნის წინ დაარსებულ პრემიერლიგაში უკვე იყვნენ კაშკაშა უცხოელი ვარსკვლავები, როგორიც ერიკ კანტონა და იურგენ კლინსმანია, მაგრამ სუპერვარსკვლავი გულიტის დამატება ინგლისური სატრანსფერო ბაზრისთვის წამახალისებელი გამოდგა.

იმ დღეებში გულიტს სხვები მიყვნენ, რომელთა ნაწილმაც პრემიერლიგა გააკეთილშობილა. დენის ბერგკამპის არსენალში გამოჩენას ისედაც დიდი იმედებით ელოდნენ, მაგრამ დავიდ ჟინოლა, გიორგი ქინქლაძე და ჟუნინიო შედარებით უცნობები იყვნენ, ისინი შესაბამისად, ნიუკასლში, სიტიში და მიდლსბროში გადავიდნენ და ინგლისში თავიანთი კლუბების ლეგენდები გახდნენ", - წერს sportsmax.tv.

რუუდ გულიტი (სამპდორია-ჩელსი)

გლენ ჰოდლი და რუუდ გულიტი

"მსოფლიო კლასის ვარსკვლავი, რომელიც კარიერის საუკეთესო წლებში, ალბათ, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ის უკვე 32 წლის იყო, როცა ჩელსიმ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. გულიტი თავიდან ლიბეროს პოზიციაზე გამოიყენეს, თუმცა ექსპერიმენტი მალევე შეწყდა, მისი ადგილი ნახევარდაცვაში იყო, სადაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ამ პოზიციაზე ჯადოქარია. 1996 წელს მან ჩელსისა და ჰოდლს წარმატება მოუტანა.

დენის ბერგკამპი (ინტერი-არსენალი)

£7.5 მილიონად გადასულმა ბერგკამპმა ბრიტანეთის სატრანსფერო რეკორდი დაამყარა. (ვერ) მფრინავმა ჰოლანდიელმა საერთო ჯამში 423 მატჩი ჩაატარა "მეთოფეთა" მაისურით და 120 გოლი გაიტანა. ახლა ბერგკამპის ბრინჯაოს ქანდაკება "ემირეიტსის" შესასვლელს ამშვენებს...

მასთან ერთად არსენალმა სამპდორიიდან ინგლისელთა კაპიტანი დევიდ პლატი დაიმატა, რითაც შუახაზი მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

დენის ბერგკამპი

დავით ჟინოლა (პსჟ-ნიუკასლი)

1995 წლის იანვარში ყველას გაუკვირდა, როცა ნიუკასლი ენდი კოულს £7 მილიონად შეელია და ის მანჩესტერ იუნაიტედში გაუშვა. მაგრამ კევინ კიგანის გუნდი არ დასუსტებულა, პირიქით. სულ რაღაც £2.5 მილიონად ჟინოლამ დაამტკიცა, რომ დიდი ოსტატი იყო, ის მარცხენა ფლანგზე დაქროდა. ჟინოლა ფანების ფავორიტი ფეხბურთელი გახდა.

იმავე ზაფხულს ნიუკასლმა ლეს ფერდინანდი ქპრ-დან დაიმატა, რამაც კლუბი ასევე ძალიან გაააძლიერა.

გიორგი ქინქლაძე (დინამო-სიტი)

სიტის ფანები ახლა ძალიან მიეჩვიენ წარმატებებს, რომლებიც მათ უცხოელებმა, პეპ გვარდიოლამ, შეიხ მანსურმა, სერხიო აგუერომ, კევინ დე ბრუინემ, ვენსან კომპანიმ და სხვებმა მოუტანეს, მაგრამ გიორგი ქინქლაძეს სიტის ფანების გულში სპეციალური ადგილი ეკუთვნის. ის მათ "მეინ როუდის" ეპოქიდან ახსოვთ, როცა გუნდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი უვე როსლერი იყო.

ქინქლაძის პირველივე სეზონში სიტი პრემიერლიგიდან გავარდა, ის კი გუნდიდან 1998 წელს წავიდა, როცა გუნდმა კიდევ ერთი დივიზიონით ჩაინაცვლა. მაგრამ ქართველი კაშკაშა ნაპერწკალი იყო ბნელ ხანაში. მისი დრიბლინგი, საუცხოოდ შესრულებული საჯარიმოები არავის დაავიწყდება. განსაკუთრებით საოცარი კი საუთჰემპტონის კარში გატანილი გოლი იყო.

ჟუნინინიო (სან პაულუ-მიდლსბრო)

ის ამ ხუთეულიდან ყველაზე ბოლოს მივიდა პრემიერლიგაში - 1995 წლის ოქტომბერში £4.75 მილიონად გადავიდა მიდლსბროში. ბრაიან რობსონმა გუნდში შემდეგ ფაბრიციო რავანელიც მიიწვია, მაგრამ მიდლსბროს ფანებს არავინ ახსოვთ ისე, როგორც  ბრაზილიელი. გრავიტაციის ცენტრის დაბალი განლაგება მას საოცარი ფინტების შესრულების საშუალებას აძლევდა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე 1995-1998 წლებში თამაშობდა მანჩესტერ სიტიში, მან 106 მატჩში 20 გოლი გაიტანა. ქინქლაძე ინგლისს 1999 წელს დერბის შემადგენლობაში დაუბრუნდა (ჯერ იჯარით) და იქ 2003 წლამდე დარჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები