Thumbnail
  • იუვენტუსის წარმატების გარანტები: მცველები და ბუფონი.
  • ჯიჯი ახალ რეკორდს უმიზნებს.
  • მომდევნო მატჩი მილანთან.

მართალია, იუვენტუსმა სპალ-თან ქულები დაკარგა (0:0) და ნაპოლის 2 ქულის დისტანციაზე მიახლოვების საშუალება მისცა, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ ტურინული გრანდი კარგ ფორმაშია. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ იუვეს დაცვა მოწოდების სიმაღლეზეა.

იუვენტუსი ერთადერთი გუნდია ევროპის ტოპ 5 ლიგიდან, რომელსაც ეროვნული პირველობის ფარგლებში 2018 წელს ერთი გოლიც კი არ აქვს გაშვებული!

ზედიზედ 10 ტურია, იუვეს სერია A-ში გოლი არ მიუღია და 24-მატჩიანი წაუგებელი სერიაც აქვს. სწორედ ამ ბრწყინვალე სერიის დამსახურებაა, რომ იუვენტუსმა ნაპოლის პირველი ადგილი წაართვა და ზედიზედ მე-7 ჩემპიონობას უმიზნებს. ამასთან, ტურინული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიცაა, სადაც მადრიდის რეალს შეხვდება და იტალიის თასის ფინალშიც, სადაც მილანს დაუპირისპირდება.

ქებას პირველ რიგში იუვენტუსის უკანა ხაზი იმსახურებს, რადგან 2018 წელს, სერია A-ში იუვესთვის გოლი ჯერ არავის გაუტანია. ეს საუკეთესო შედეგია ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატს შორის. ეს ყველაფერი მცველების, ჯორჯო კიელინის, ანდრეა ბარძალის, მედჰი ბენატიას და, რა თქმა უნდა, მეკარეების, ჯანლუიჯი ბუფონისა და ვოიცეხ შჩესნის დამსახურებაა, რომლებიც ტურინელთა კარს მონაცვლეობით იცავენ ხოლმე.

ყურადღების ცენტრში კი კვლავ ბუფონია - არა მარტო იმიტომ, რომ 40 წლის ასაკში ნაკრებში დაბრუნება გადაწყვიტა, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ სერია A-ში 931-წუთიანი მშრალი სერია აქვს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჯიჯი თავისივე რეკორდს უმიზნებს: 2015/2016 წლების სეზონში მან კარი მშრალად 973 წუთის მანძილზე შეინახა. ეს გრანდიოზული სერია ბუფონს მაშინ ტორინოს თავდამსხმელმა, ანდრეა ბელოტიმ შეუწყვიტა.

ახლა სანაკრებო პაუზაა, იტალიის ჩემპიონატის მომდევნო მატჩი კი იუვენტუსს 31 მარტს, ასევე კარგ ფორმაში მყოფ მილანთან უწევს და თუ ბუფონი იმ შეხვედრაში პირველ 43 წუთში გოლს არ გაუშვებს, საკუთარ რეკორდს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ხოლო თუ 69 (ან მეტ) წუთს გაძლებს, სერია A-ში ზედიზედ 1000 წუთის მანძილზე გოლი არ ექნება მიღებული…

 

კომენტარები

ბოლო ამბები