Thumbnail
  • 'მან კარიერა 9 ნომრად დაიწყო, ფულბექად გარდაიქმნა და 10 ნომერზე თამაშიც შეუძლია'
  • 36 წლის მერაბ კვირიკაშვილს 'ბორჯღალოსანთა' მაისურით 115 მატჩი აქვს ჩატარებული

ცნობილმა სარაგბო გამოცემამ Ultimaterugby სიმბოლური ნაკრები შეადგინა იმ მოთამაშეებისგან, რომელთაც სანაკრებო დონეზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული. საინტერესოა, რომ მსოფლიო რაგბის ვარსკვლავებს შორის ვეტერანი ბორჯღალოსანი მერაბ კვირიკაშვილიც მოხვდა, რომელსაც ზურგს 115 შეხვედრა უმაგრებს. აღნიშნულმა ვებ-გვერდმა ის 15 ნომრის პოზიციაზე განამწესა. აი, რა წერია ქართველი მორაგბის შესახებ:

“ქართული რაგბის ლეგენდა მერაბ კვირიკაშვილმა კარიერა 9 ნომრის პოზიციაზე დაიწყო, შემდეგ კი ფულბექად გარდაიქმნა. ვეტერან უკანახაზელს ასევე შეუძლია თამაში 10 ნომრად და ეროვნული ნაკრების მაისურით იმდენად შედეგიანად ირჯებოდა, რომ არაერთი სტატისტიკური მიღწევა ეკუთვნის. შოტლანდიელ ფულბექ კრის პატერსონს ზურგს 109 ტესტი უმაგრებს და ის კვირიკაშვილს 6 მატჩით ჩამორჩება, რუმინელი კატალინ ფერკუს კი 107 თამაში აქვს ჩატარებული. 15 ნომრის პოზიციაზე 100-ზე მეტი ტესტი უგროვდებათ პერსი მონტგომერის (სამხრეთ აფრიკა), დევიდ ქემფიზს (ავსტრალია), იური კუშნარიოვსა (რუსეთი) და მილს მულიაინასაც (ახალი ზელანდია)”.

მერაბ კვირიკაშვილი 2015 წლის მსოფლიო თასზე ნამიბიასთან მატჩში

შეგახსენებთ, რომ 36 წლის კვირიკაშვილს ბორჯღალოსანთა მაისურით დებიუტი ჯერ კიდევ 2003 წელს ჰქონდა და 115 მატჩში მის ანგარიშზე 833 ქულაა. მერაბმა მსოფლიო თასზე 4-ჯერ (2003, 2007, 2011, 2015) ითამაშა, 2017 წლის 19 თებერვალს კი, გერმანიის ნაკრებთან გამართულ მატჩში მე-100 კეპი მოიპოვა და პირველი ქართველი ცენტურიონი გახდა.

Ultimaterugby-ს სიმბოლური ნაკრები

1. გეთინ ჯენკინსი (უელსი, 129 კეპი), 2. კევინ მეალამუ (ახალი ზელანდია, 132), 3. მარტინ კასტროჯოვანი (იტალია, 119), 4. ალუნ უინ ჯოუნსი (უელსი, 147), 5. ვიქტორ მეტფილდი (სამხრეთ აფრიკა, 129), 6. ჯორჯ სმიტი (ავსტრალი, 111), 7. რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია, 148), 8. სერჯიო პარისე (იტალია, 142), 9. ჯორჯ გრეგანი (ავსტრალია, 139), 10. რონან ო’ჰარა (ირლანდია, 130), 11. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა, 124), 12. ფლორინ ვლაიკუ (რუმინეთი, 124), 13. ბრაიან ო'დრისკოლი (ირლანდია, 141), 14. ადამ ეშლი-კუპერი (ავსტრალია, 121), 15. მერაბ კვირიკაშვილი (საქართველო, 115).

კომენტარები

ბოლო ამბები