Thumbnail

'ახალი პირლოს' ბედი გაირკვა - სანდრო ტონალი არც ბარსაში მიდის და არც იუვეში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრეშას 19 წლის ნიჭიერი ნახევარმცველის ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია
  • ფეხბურთელი, რომელიც არაერთ ევროპულ გრანდს სურდა, ინტერში მიდის  

ბრეშას და იტალიის ეროვნული ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი სანდრო ტონალი, რომელსაც იტალიაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და "ახალ პირლოდაც" მოიხსენიებენ, კარიერას დიდი ალბათობით მილანის ინტერში გააგრძელებს.

ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება, რომლის ცნობით, ნერაძურიმ ბრეშასთან ტრანსფერი შეათანახმა, თავად ფეხბურთელს კი 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, სადაც ხელფასად წელიწადში 2,5 მილიონი ევროა გათვალისწინებული. ეს კი ათჯერ მეტია იმაზე, რასაც ახალგაზრდა ნახევარმცველი ამჟამად გამოიმუშავებს.

ტონალი ბრეშას დიდი ალბათობით სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს

 
ბრეშა თავის ტალანტს 50 მილიონ ევროდ აფასებს, მილანელები კი ტონალიში იმ თანხის გადახდას აპირებენ, რომელსაც მაურო იკარდის პარი სენ-ჟერმენში გაყიდვიდან მიიღებენ. ტრანსფერის განხორციელება ამ ზაფხულს იგეგმება. 

მილანის ინტერი ერთადერთი კლუბი არაა, რომელსაც ნიჭიერი იტალიელის ხელში ჩაგდება სურს. ფეხბურთელზე თვალი ასევე უჭირავთ ტურინის იუვენტუსს, ნაპოლის, ბარსელონას, პარი სენ-ჟერმენს…

ბრეშას პრეზიდენტს სანდრო ტონალოს გაშვება არ სურს

ახლახან ბრეშას პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ სანდრო ტონალის მსურველებზე ისაუბრა:

"გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც მიყვარს და რომლებსაც არასდროს გავყიდიდი. ტონალის გარშემო კარგი გუნდის შექმნა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ მესმის, რომ ბიჭუნას თავისი მიზნები აქვს, გვერდით ჰყავს ოჯახი…

პსჟ-ის პრეზიდენტს მისი პარიზში ხილვა სურს და დღეს მომწერა, თუმცა ტონალის საფრანგეთში წასვლა არ უნდა. ის უპირატესობას ინტერსა და იუვეს ანიჭებს. ლე ლაურენტისმა (ნაპოლის მფლობელი) 40 მილიონი ევრო შემომთავაზა, ფიორენტინა მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, თუმცა მისი ბედი ასე თუ ისე, გადაწყვეტილია. კორონავირუსამდე ბარსელონა 65 მილიონ ევროს მთავაზობდა, პლუს, ორ საინტერესო ფეხბურთელს…"

სანდრო ტონალი ბრეშას აღზრდილია და მის მთავარ გუნდში დებიუტი 2017 წელს ჰქონდა, როდესაც ის სერია B-ში გამოიდოდა. იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილია, ტონალიმ ბრეშას ღირსება 23 მატჩში დაიცვა და 1 გოლითა და 5 საგოლე პასით გამოირჩა. 

კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ, სერია A-ს განახლება 20 ივნისს იგემგება, მანამდე კი, 13 ივნისს, იტალიის თასის მატჩები უნდა გაიმართოს. ჩემპიონატში ჩატარებული 25 მატჩის შემდეგ, ინტერს 54 ქულა აქვს და ლიდერ იუვენტუსს 9 ქულით ჩამორჩება. ბრეშა 16 ქულით ცხრილში ბოლო, მე-20 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები