Thumbnail

'რასიზმი ჰაერშია - ვერ ხედავ, მაგრამ გახრჩობს' - ჯაბარი და ჯორდანი პროტესტზე

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ ამერიკაში პროტესტი არ წყდება
  • დემონსტრანტებს მხარდაჭერა ჯორდანმა და ქარიმ აბდულ ჯაბარმა გამოუცხადეს
  • მათი თქმით, რასიზმი უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ვირუსი

ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის შემდეგ, ამერიკაში პროტესტი არ წყდება. დემონსტრანტების მიმართ  მხარდაჭერას განსაკუთრებით აქტიურად NBA-ს ვარსკვლავები გამოხატავენ. NBA-ს მოთამაშეთა აბსოლუტური უმრავლესობა აფროამერიკელია და რასიზმი მათთვის ნაცნობი პრობლემაა.

პოზიცია კალათბურთის უდიდესმა ვარსკვლავმა მაიკლ ჯორდანმაც გამოხატა.

მაიკლ ჯორდანი: "ჩემი თანაგრძნობა გარდაცვლილის ოჯახს. მხარს ვუჭერ მათ, ვინც ამ ქვეყანაში ფერადკანიანების წინააღმდეგ ძალადობასა და რასიზმს ებრძვის".

ჯორდანი, ჩვეულებრივ, პოლიტკორექტულია, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე იგი კომენტარს იშვიათად აკეთებს. ამ შემთხვევაში მისი პოზიციაც კალათბურთის სხვა ვარსკვლავების იდენტური იყო.

პოზიცია გამოხატა კალათბურთის კიდევ ერთმა ლეგენდამ, ქარიმ აბდულ ჯაბარმა. მისი თქმით, რასიზმი ბევრად უფრო მომაკვდინებელი საფრთხეა, ვიდრე კორონავირუსი. მან დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"არ მინდა ვხედავდე, გაძარცვულ მაღაზიებს და დამწვარ შენობებს. ეს იმის შედეგია, თუ როგორ ექცევიან აფროამერიკელებს ამ ქვეყანაში. აფროამერიკელებს დიდი ხანია ცხოვრება "ალმოდებულ შენობაში" უწევთ. რასიზმი ამერიკაში ჰაერშიც არის - ვერ ხედავ, მაგრამ გახრჩობს".

📋 მეტი ამ თემაზე:

ჯაბარმა ისიც განაცხადა, რომ პროტესტი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვირუსისგან თავის დაცვა და მისი შემაკავებელი ნორმები. მისი თქმით, დისტანციის დარღვევა და შეკრებების მოწყობა, რაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის რეგულაციებში არ ჯდება, ამერიკისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს და რასიზმთან შედარებით, მეორეხარისხოვანი საკითხებია.

მანვე ყურადღება გაამახვილა, რომ აფროამერიკელები უსამართლობას აწყდებიან განათლებაშიც და პროფესიულ საქმიანობაშიც და ეს არ არის მხოლოდ პოლიციის პრობლემა.

ქარიმ აბდულ ჯაბარი თავადაც არაერთხელ ყოფილა რასიზმის მსხვერპლი, განსაკუთრებით 70-იანებში, მისი აქტიური კარიერის დროს, როდესაც რასიზმი ამერიკისთვის განსაკუთრებით მწვავე პრობლემა იყო.

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

 

კომენტარები

ბოლო ამბები