Thumbnail

როგორ გადაარჩინა საბჭოთა მსაჯმა კრუიფი, ჰოლანდია და ტოტალური ფეხბურთი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • იოჰან კრუიფმა 1974 წლის მუნდიალი კინაღამ გამოტოვა
  • ჰოლანდიელები ბელგიასთან აგებდნენ, მაგრამ არბიტრმა ყველაფერი შეცვალა

1974 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, რაიმონ გუტალსის ბელგიის ნაკრებს ამსტერდამში 89-ე წუთზე მსაჯმა გოლი არ ჩაუთვალა, რის გამოც ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდა.

ტოტალური ფეხბურთი გუტალსმა თითქმის მაშინ მოკლა, ვიდრე ამ ინოვაციას მთელი მსოფლიო გაიცნობდა. საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ჯგუფში ჰოლანდიასა და ბელგიასთან ერთად მაშინ არაფრისმთქმელი გუნდები - ნორვეგია და ისლანდია იყვნენ. ჯგუფიდან კი მხოლოდ ერთი გუნდი გადიოდა.

ჰოლანდიელების მუნდიალზე ასპარეზობის გამოცდილება იმ დროისთვის ძალიან მწირი იყო და მხოლოდ 1934 და 1938 წლების მუნდიალებზე მიღებულ პრაქტიკას მოიცავდა. ბელგია ფინალურ ეტაპზე 5-ჯერ იყო მოხვედრილი, მათ შორის ბოლოს 1970 წლის მუნდიალზე და მათ შორის ბოლო დიდ ტურნირზე - 1972 წლის ევროზე საპრიზო მესამე ადგილის პრიზიორი გახლდათ.

აქ აღსანიშნავი ერთი გარემოებაა, რაც ფეხბურთის ბევრ გულშემატკივარს შეიძლება არ ახსოვს - მთელი საკვალიფიკაციო ეტაპის კამპანია ჰოლანდიამ ჩეხოსლოვაკი ფრანტიშეკ ფადრჰონიცის ხელმძღვანელობით ჩაატარა, რინუს მიხელსი ნაკრებში უშუალოდ ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მიიყვანეს. ტოტალური ფეხბურთის მთავარმა შემოქმედმა ნაკრებთან ერთად პირველი მატჩი მხოლოდ 1974 წლის მარტის თვეში - ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარა (1:1).

ბელგიის ნაკრებს ლეგენდარული მწვრთნელი - რაიმონ გუტალსი წვრთნიდა. ბელგიამ და ჰოლანდიამ ჯგუფში სკანდინავიელებს ყველა მატჩი მოუგეს და ბოლო ტურის წინ, მათ მდგომარეობას მხოლოდ ბურთების შეფარდება განასხვავებდა -  ჰოლანდია +22, ბელგია +12. ყველაფერი ამსტერდამში უნდა გადაწყვეტილიყო.

რაიმონ გუტალსმა მოსაგები შეხვედრისთვის უცნაური სტრატეგია შეარჩია, ბელგიას გასატანი ჰქონდა, მაგრამ გუნდი დაცვაში ჩადგა - ამ უცნაურობამ ჰოლანდიელები ძალიან დააბნია. მთელი მატჩი ანგარიში 0:0 იყო, ბელგია კი ისევ დაცვაში იჯდა - კრუიფის გუნდი დაიბნა, მაყურებელი ტრიბუნაზე ანერვიულდა. გუტალსმა დაახლოებით ის გააკეთა, რაც ჯორჯ გრემმა 1989 წელს "ენფილდზე", როდესაც არსენალით ბოლო ტურში ლივერპული დაამარცხა, რომელსაც ჩემპიონობისთვის ფრეც ჰყოფნიდა.

დაბნეულმა ჰოლანდიამ შეუტია, თუმცა ბელგიელთა კიპერის კრისტიან პიოს მაგარი თამაშის გამო ტაბლოზე ანგარიში არ იცვლებოდა, ისევ - 0:0...

მატჩის მიწურულს, გუტალსის ბელგია სანგრიდან ამოძვრა და ჰოლანდიელებისთვის მოულოდნელად, მათი კარისკენ იერიშები დაიწყო. დაახლოებით ისე, მთელი 12 რაუნდი ნაცემი როკი ბალბოა ბრძოლის ბოლოს რომ იღვიძებს ხოლმე.

89-ე წუთზე ბელგიის იერიშებს ჰოლანდიელთა საჯარიმოსთან სტანდარტული მოჰყვა, გუნდის კაპიტნის პოლ ვან ჰიმსტის ჩაწოდებულს პიტ შრივერსი ვერ მისწვდა, კუთხეს კი იან ვერჰეიენი კეტავდა, რომელმაც ბურთი ცარიელ კარში შეაგდო - გუტალსის ტაქტიკურმა ხრიკმა ისტორია დაწერა! ბელგია მუნდიალზე მიდის, კრუიფი და ტოტალური ფეხბურთი კი დღის სინათლეს ვერასოდეს ნახავს.

მაგრამ ტოტალური ფეხბურთი მეზობელთან განცდილი სირცხვილისგან საბჭოთა მსაჯმა პაველ კაზაკოვმა იხსნა. კაზაკოვმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. მატჩის შემდეგ გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ვერჰეიენი მინიმუმ 3 ჰოლანდიელ მცველზე უკან დგას, სუფთა გოლია! მთელი ბელგია აგონიაშია და ისედაც მძიმე მწეველი გუტალსი გამწარებული კიდევ უფრო მეტს ეწვა.

ჰოლანდია მუნდიალზე წავიდა, ბელგია ვერ წავიდა, იმის მიუხედავად, რომ საკვალიფიკაციოზე ჩატარებულ 6 მატჩში, გუტალსის გუნდს ერთი გოლიც კი არ გაუშვია.

პაველ კაზაკოვმა ჰოლანდიური ფეხბურთის ბედი საბოლოოდ შეცვალა. სწორედ საბჭოთა მსაჯის დამსახურებაა, რომ დღეს კრუიფი, ჯორჯ ბესტთან ერთად, იმ ფეხბურთელების TOP 10-ში არაა, რომლებსაც მუნდიალზე არასოდეს უთამაშიათ; სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დასავლეთ გერმანიის 1974 წლის საოცარ ნაკრებს ის აღიარება არ აქვს, რაც უნდა ჰქონდეს; სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 1974 წლის "მფრინავი ჰოლანდიელების" მაგალითზე, ქვეყანაში 3-4 დიდი ფეხბურთელების თაობა გაიზარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები