Thumbnail
  • ჯონ ჯონსსა და დანა უაითს შორის კონფლიქტი დაიწყო
  • ჯონსს მძიმე წონაში გადასვლა სურს
  • უაითის აზრით, ის ამისთვის არაადეკვატურ ჰონორარს ითხოვს
  • განაწყენებული ჯონსი კრივში წასვლით იმუქრება

UFC-ში ის კონფლიქტი დაიწყო, რომელსაც არავინ ელოდა. ამჯერად ეს მებრძოლთა შორის დაპირისპირება არ არის, რომელსაც ძირითადად ბრძოლების პრომოუშენისთვის იყენებენ ხოლმე. UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს საერთო რეიტინგის პირველი ნომერი ჯონ ჯონსი უპირისპირდება. საქმე ამჯერად ფულს ეხება.

ჯონ ჯონსი უკვე ბევრი წელია, თავის წონით კატეგორიაში იმდენად დომინანტურია, რომ კონკურენტი, ფაქტობრივად, არ ჰყავს. მებრძოლების საერთო ჩათვლაში ჯონსი სტაბილურად პირველ ადგილზეა. ამის მიუხედავად, მისი შემოსავლები ბევრად ჩამოუვარდება, მაგალითად, ხაბიბის ან მაკგრეგორის შემოსავლებს. ამის მიზეზი ის არის, რომ ჯონსს თავის წონით კატეგორიაში მნიშვნელოვანი დაპირისპირება არ აქვს და გულშემატკივართა ინტერესი ნაკლებია.

სწორედ ამიტომ, მან მძიმე წონაში გადასვლა და იქ ფრენსის ნგანუსთან ჩხუბი გადაწყვიტა. ამისთვის კი მან დამატებითი ჰონორარი მოითხოვა დანა უაითისგან. უაითმა მას უარი უთხრა და კონფლიქტიც ასე დაიწყო.

ჯონ ჯონსს 26 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს

უაითმა მოლაპარაკებების ჩაშლა ჯონსის სიხარბეს დააბრალა და განაცხადა, რომ მან ჰონორარი მოითხოვა, როგორც მოკრივე დეონტეი უაილდერმა ანუ - 30 მილიონი. UFC-სთვის ეს არაადეკვატური თანხაა. ჯონსი საშუალოდ ბრძოლაში დაახლოებით 500 ათას დოლარს იღებს.

დანა უაითი: "ერთია, როდესაც მოდიხარ და ამბობ: "უფრო მეტი ფული მინდა". მაგრამ როდესაც ასეთ თანხას ითხოვ... ეს შეუძლებელია. ამხელა თანხის ამ რთულ დროში მოთხოვნა არასწორია. მაქვს მისი გამოგზავნილი მესიჯები და შემიძლია გაჩვენოთ, თუმცა ამას არ ვიზამ".

ჯონსმა განცხადა, რომ უაითი იტყუება, ასეთი თანხა არ მოუთხოვია და UFC-სთან კონტრაქტის გაუქმება მოითხოვა: "შეურაცხყოფილი ვარ, რომ მან მოლაპარაკების დეტალები საჯარო გახადა. ის იტყუება და ცდილობს, ბრძოლის ჩაშლა ჩემს სიხარბეს დააბრალოს. აჩვენოს ჟურნალისტებს ჩემი მესიჯები. რატომ არ აკეთებს ასე? შენი ფული შენთვის შეინახე და გამათავისუფლე კონტრაქტისგან".

ჯონსს სურს, რომ UFC-მ მისი კონტრაქტი გაწყვიტოს და თავად კრივში გადავიდეს. დანა უაითი კი აცხადებს, რომ სიმართლის დასადასტურებლად მზად არის სიცრუის დეტექტორი გაიაროს.

კომენტარები

ბოლო ამბები