Thumbnail

ტიურამის საპროტესტო ჟესტი - ცალ მუხლზე ჯორჯ ფლოიდის მოსაგონრად

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გლადბახის ფრანგმა ლეგიონერმა კოლინ კაპერნიკის ცნობილი ქმედება გაგვახსენა
  • აშშ-ში მომხდარ აღმაშფოთებელ ფაქტს სულ უფრო მეტი ფეხბურთელი ეხმაურება

გლადბახის ბორუსიას ფორვარდმა მარკუს ტიურამმა უკვე ნაცნობი ჟესტით გამოხატა სოლიდარობა იმ მოვლენებისადმი, რომელიც აშშ-ში შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას უკავშირდება. გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში გლადბახელებმა ბერლინის უნიონს 4:1 სძლიეს, 22 წლის ფრანგმა კი დუბლი შეასრულა. პირველი გოლის შემდეგ, ის ერთ მუხლზე დადგა და ხსენებული ამბავი გააპროტესტა. ტიურამის ეს ქმედება სოციალურ ქსელში მყის გააზიარა ლონდონის ჩელსის გერმანელმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა მინაწერით: "დამატებით ახსნას არ საჭიროებს. RESPECT!".

ცნობისთვის, ამერიკელი სპორტსმენებში ეს ჟესტი პოპულარული 2016-17 წლებში გახდა, როდესაც ისინი ყურადღებას სამართალდამცველების მიერ რასისტული ხასიათის დარღვევებზე ამახვილებდნენ. პირველად ამგვარად ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე კოლინ კაპერნიკი მოიქცა, რომელიც ერთ-ერთი მატჩის წინ შესრულებული აშშ-ის ჰიმნის დროს ფეხზე არ წამოდგა.

შეგახსენებთ, რომ 46 წლის ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში, პროდუქტების მაღაზიის სიახლოვეს მაშინ დააკავა, როდესაც ის, სავარაუდოდ, ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გამოყენებას ცდილობდა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მოგვიანებით ჯორჯი სასწრაფო დახმარების მანქანით ჰენეპინის ოლქის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე ოთხივე პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მოგვიანებით, მთავარი მოძალადე დაკავებულიც იქნა, თუმცა ამ ფაქტმა ამერიკაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი უწესრიგობები, დარბევები და მსხვერპლიც კი მოჰყვა. საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს სპორტული სამყაროც. კონკრეტულად ფეხბურთელთაგან საკუთარი რეაქცია ასევე გამოხატეს პსჟ-ს ვარსკვლავმა კილიან მბაპემა და შალკეს ფეხბურთელმა უესტონ მაკკენიმ.

კომენტარები

ბოლო ამბები