Thumbnail

Sport360-მა ევროპაში მოთამაშე 21-წლამდე ფეხბურთელებს შორის საუკეთესოები გამოარჩია და სიაში გენტის ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძეც შეიყვანა. ამჯერად, საუბარია ევროპის TOP 5 ჩემპიონატის (ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) მიღმა მოთამაშე ფეხბურთელებზე.

აღნიშნულმა ვებ-გვერდმა რამდენიმე ე.წ. მეორე დონის ქვეყნის პირველობა შეაფასა, ქართველი ქომაგისთვის საინტერესო კი ბელგიური ჟუპილერ ლიგა უნდა იყოს, სადაც ჩაკვეტაძე თამაშობს. Sport360-მა პირველ ადგილზე გიორგის კანადელი თანაგუნდელი ჯონათან დევიდი დააყენა და მას საერთოდაც საუკეთესო ხუთ ჩემპიონატს მიღმა მოთამაშე ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი უწოდა.

იმ ფეხბურთელთა სიაში, რომლებიც ასევე გამორჩეულ ინტერესს იმსახურებენ, საქართველოს ნაკრების 20 წლის ვარსკვლავიც მოხვდა. გვირჩევენ, რომ ბელგიურ ლიგაში, დევიდისა და ჩაკვეტაძის გარდა, ყურადღება ჯერემი დოკუს, მარკო კანას, იარი ვერსჰაერენს, ალბერტ სამბი ლოკონგას (ყველა – ანდერლეხტი), კრეპინ დიატას, ჩარლზ დე კეტელერეს, იკომა ლოის ოპენდას (ყველა – ბრიუგე), ზინიო ვანჰოისდენს (სტანდარდი), ჯონ ლუკუმის (გენკი), ასტერ ვრანკსსა (მეხელენი) და რობი კუირენსაც (ანტვერპენი) მივაქციოთ.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს გენტის ღირსებას 2017 წლიდან იცავს, ბოლო პერიოდში კი, მის ტრანსფერზე აქტიურად საუბრობენ. განიხილება რომას, ბორდოს, ვესტ ჰემისა და ტრაბზონსპორის ვარიანტები. “ტრანსფერმარკტი” ქართველ ნახევარმცველს 6.7 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები