Thumbnail
  • პიტერ კრაუჩი თავის ავტობიოგრაფიაში პრემიერლიგის მცველებს აღწერს
  • ძველი სკოლის ბრიტანელი მცველები აგრესიული და მოძალადე ტიპები იყვნენ
  • როგორ თამაშობენ ტერი, ფერდინანდი, ადამსი, კომპანი და სხვები

პიტერ კრაუჩი, შესაძლოა, ყველაზე დასამახსოვრებელი ფეხბურთელი არ ყოფილა, თუმცა ინგლისის ნაკრებში, ლივერპულში, ტოტენჰემსა და სხვა პრემიერლიგურ კლუბებში სოლიდური გამოცდილება დააგროვა. დასამახსოვრებელი კი პირველ რიგში თავისი სიმაღლის გამო იყო - 2.01 მეტრი.

თავის წიგნში ის მკითხველს პრემიერლიგის სამყაროს შიგნიდან აცნობს. ერთ-ერთი თავი ინგლისური ფეხბურთის საუკეთესო მცველებს ეძღვნება. როგორ თამაშობენ მცველები პრემიერლიგაში და რას ნიშნავს თავდამსხმელისთვის მათთან დაპირისპირება. პოპსპორტი მისი წიგნიდან სწორედ ამ ეპიზოდს გთავაზობთ.

მცველები

მე მიყვარს ფეხბურთი. მიყვარს მისი თამაში და მისი ყურებაც, მაგრამ ვერასოდეს გავიგებ, რატომ უნდა გინდოდეს მცველობა...

ნახევარმცველები მომენტებს ქმნიან, თავდამსხმელები თამაშებს იგებენ, მცველობა კი პირველ რიგში ხელის შეშლას ნიშნავს. პრინციპულად ნეგატიური საქმეა. ხელს უშლი სხვა მოთამაშეებს, რომ შექმნან. გინდა, რომ მხიარულება ჩაშალო.

კრაუჩის კარიერის პიკი ლივერპული იყო

მცველებს ყველა კუთხით სხვა მენტალიტეტი აქვთ. უცნაურია, როცა უკან დგომა გინდა. რა მოსაწყენია, როცა მთელი თამაში შენს ნახევარზე დგახარ. წარმოიდგინე, დგახარ და შორიდან უყურებ, როგორ ერთობიან სხვა მოთამაშეები.

ტონი პულისთან სტოკში ვუყურებდი, როგორ ვარჯიშობდნენ მცველები. პულისი ბურთებს ჰაერში აგდებდა, მცველები უნდა ამხტარიყვნენ და საჰაერო ორთაბრძოლა მოეგოთ. ამ დროს მხოლოდ ერთი ფიქრი მქონდა: ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ მცველი არ ვიყავი!

როცა პროფესიული ფეხბურთის თამაში დავიწყე, ძველი სკოლის მცველები კოშმარული ტიპები იყვნენ. მაგალითად, კევინ მასკატი მახსენდება. 19 წლის ვიყავი და ქუინზ პარკ რეინჯერსთან ერთად მილუოლში ვთამაშობდი. მატჩის დასაწყისშივე რამდენჯერმე იდაყვი მომარტყა და ყურში ჩამყვირა, რომ ფეხს მომტეხავდა. მასკატმა კარიერა 123 ყვითელი და 12 წითელი ბარათით დაასრულა. მან რამდენიმე მოთამაშის კარიერაც შეიწირა.

პრემიერლიგური ფეხბურთი

ადრე მცველები მხოლოდ იმიტომ გირტყამდნენ ფეხებში, რომ ენახათ, შეგეძლო თუ არა ამის ატანა, შენი რეაქცია აინტერესებდათ. ეს ბრიტანელ გულშემატკივარსაც ძალიან მოსწონდა. ჩვენ ძალიან გვიყვარს თავგანწირული ვარდნები. იტალიელი მცველებისთვის ეს ჩავარდნად მიიჩნევა - რატომ გახდა ვარდნა საჭირო? მანამდე რატომ ვერ შეაჩერე? როდესაც მცველი მოგერიების დროს ბურთს ტრიბუნებზე ბოლო რიგებამდე არტყამს, ჩვენ ეს მოგვწონს.

ჯეიმი კარაგერი ბურთს ტრიბუნებზე რაც შეიძლება მაღლა იგერიებდა - მაშინაც კი, როდესაც შეეძლო, უბრალოდ აუტზე გადაეგდო - ‘ენფილდის’ ტრიბუნები ამას აღფრთოვანებაში მოყავდა. ეს რომ ესპანეთში გააკეთო, ტრიბუნები დაგცინებენ, რომ შენს გუნდს ბურთი და პოზიცია არ შეუნარჩუნე.

კარაგერის ვარდნა ფილ ნევილის წინააღმდეგ

სხვა რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ გულშემატკივარი კუთხურის გამო ასე მოდიოდეს აღტაცებაში. საშუალოდ, საუკეთესო გუნდებსაც კი კუთხურიდან გოლი ათ თამაშში ერთხელ გააქვთ. მაგრამ, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს - კუთხურებს უბრალოდ ვაღმერთებთ.

მცველობას კარიერის დასრულებას ვამჯობინებდი, მაგრამ ის მოთამაშეები, რომელთაც უყვართ დაცვაში თამაში, ყველას გვჭირდება. გვჭირდება მცველები, რომელთაც უცნაური მენტალიტეტი აქვთ - შეაჩერე სხვები, იყავი ნეგატივის მხარეს, იამაყე ნგრევით, მიიღე სიამოვნება იმით, რომ სხვების ჩანაფიქრებს უშლი ხელს.

დაცვა ხელოვნებაა. მკაცრი და მახინჯი ხელოვნება, მაგრამ მას მაინც ნიჭი სჭირდება.

პირველი თამაში პრემიერლიგაში

პრემიერლიგის მცველების წინააღმდეგ ჩემი პირველი თამაში თასზე შედგა - ქუინზ პარკ რეინჯერსის შემადგენლობაში არსენალს ვეთამაშებოდით. სხვაობა პირველი დივიზიონის მცველებსა და ტონი ადამსს შორის იმდენად დიდი იყო, რომ შეგეშინდებოდა. ადამსი ძალიან ძლიერი იყო ფიზიკურად, კარგად თამაშობდა თავით და კარიერის იმ ეტაპზე უკვე ბურთთანაც კარგად იყო. რომ მოატყუებდი, ერთი წამის შემდეგ ისევ შენს წინ იდგა. ის თამაში 0:6 წავაგეთ. მივხვდი, რა იყო პრემიერლიგა.

ტონი ადამსი წლების მანძილზე არსენალის კაპიტანი იყო

ადამსს ქარიზმა ჰქონდა, ნამდვილი ლიდერი იყო. მასთან ერთად დაცვაში თამაშობდა მარტინ კიოუნი, რომელიც მთელ მოედანზე დაგყვებოდა. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, სამაგიეროდ აგრესია იყო ბევრი. მასთან თამაშის დროს გრძნობდი, რომ თითქოს სატვირთო მანქანამ გადაგიარა.

შეტევაში არსენალს ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები ჰყავდა - ანრი, ბერგკამპი, ლიუნგბერგი. თუმცა, სწორედ დაცვა იგებდა მათთვის ტიტულებს.

ფერდინანდი და ტერი

რიო? მისი მთავარი ნიჭი ის იყო, რომ ბურთს ძალიან მშვიდად ფლობდა და თამაშის დროს აბსოლუტურად ავიწყდებოდა ის მეგობრობა, რომელიც ჩვენ ინგლისის ნაკრებიდან გამოგვყვა. როცა რიოს წინააღმდეგ თამაშობ, აგრესიული უნდა იყო, იმისთვის, რომ ცოტა სივრცე მაინც მიიღო.

რიო ფერდინანდი და პიტერ კრაუჩი

იგივე ჯონ ტერის შემთხვევაში. ერთადერთი, რაც მას სურდა, იყო ის, რომ მაისურით დაეჭირე. ტერის წინააღმდეგ როცა თამაშობდი, მაშინვე მეორე ცენტრალური მცველის ძებნას იწყებდი და ცდილობდი, მის ზონაში გადასულიყავი. იმედი გქონდა, რომ მას მაინც შეაშინებდი და ბრძოლის დროს შანსი გექნებოდა. კარგი მცველების წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა დაიწყო - როგორც კი მათ აგრესიით უპასუხებ, უკვე მათ ხელში ხარ. მათაც ეს უნდათ, რომ პასუხზე კონცენტრირდე და არა ბურთზე.

ჰუთი და კომპანი

რობერტ ჰუთი ამ ჟანრის კლასიკაა. მას თავში რაღაც არ აქვს წესრიგში. უყვარს დაცვაში თამაში და მეტოქისთვის ტკივილის მიყენება. როცა პირველად ჩელსიში დავინახე, გლენ ჯონსონს ვკითხე, ეს კლოუნი ვინ არის-მეთქი. ჯონსონმა თავი გადააქნია: ‘ფრთხილად იყავი. ნამდვილი გიჟია.’

ჰუთი ვარჯიშზეც სახიფათო ვარდნებს ასრულებდა. თამაშზე, კუთხურის დროს, ფეხზე დაბიჯება და იდაყვების მორტყმა უყვარდა. მან ცხვირი რამდენჯერმე გამიტეხა. ერთხელაც რომ სცადო და დაარტყა, დარწმუნებული იყავი, აუცილებლად ძალიან მტკივნეულ პასუხს მიიღებ.

პეპ გვარდიოლას ფეხბურთისადმი შესანიშნავი დამოკიდებულება მაქვს. მისი მანჩესტერ სიტი მუდამ უტევს და დაცვაზე ნაკლები ზრუნვა უწევს. გარდა ამისა, მათ უკან ვენსან კომპანი ედგათ. კომპანი თავისი ეპოქის საუკეთესო მცველი იყო. მას ყველაფერი ჰქონდა: ძალა, სისწრაფე, აგრესია, თავით თამაში. მაგალითად, როცა თავდამსხმელი ხარ, კომპანის და ოტამენდის წინააღმდეგ თამაშობ, მუდამ ოტამენდის ზონაში გადახვალ სათამაშოდ.

ნესტა წინააღმდეგ გართობა იყო

ინგლისური ფეხბურთი მცველებს კარგად ცდის. ხავიერ მასკერანომ ბარსელონაში ლა ლიგის 4 ტიტული და 2 ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ცენტრალურ მცველად თამაშობდა. აკეთებდა იმას, რაც ლივერპულშიც კარგად გამოდიოდა - აზღვევდა და მუდამ სწორ პოზიციაზე იდგა. მაგრამ ცენტრალურ მცველად? ჩემს მარცხენა ხელს მივცემდი, მის წინააღმდეგ თამაშის საშუალება რომ მქონოდა. სიმაღლეში მხოლოდ 173 სანტიმეტრი იყო. პრემიერლიგაში მას დაცვაში არაფერი გამოუვიდოდა.

არალოგიკურია, მაგრამ ჩემთვის ტექნიკური ცენტრალური მცველების წინააღმდეგ თამაში უფრო იოლი იყო, ვიდრე გაბარიტულ და ათლეტურ პრემიერლიგის მცველებთან დაპირისპირება. ისინი მე ისე ძალიან არ მირტყამდნენ. შესაძლებელი იყო, მათთვის საჰაერო ორთაბრძოლის მოგება. მაგალითად, ალესანდრო ნესტა დიდი ფეხბურთელი იყო, ორი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ მის წინააღმდეგ ‘სან სიროზე’ თამაში თითქმის გართობა იყო. იგივე იყო ჩელსიში რიკარდო კარვალიუს წინააღმდეგ. როცა მის ნაცვლად გარი კეჰილი იყიდეს, ჩელსის წინააღმდეგ თამაშის დროს ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ორ ტერის ვეთამაშებოდი.

სამი ჰიპია და ფერნანდო ტორესი

ლივერპულში სამი ჰიპია თამაშობდა. მისი წარმოდგენა იოლად შემეძლო მეორე მსოფლიო ომის დროს ფინეთის არმიის რიგებში - როგორ მიდის არქტიკულ ყინულებში თავის რაზმთან ერთად ჩივილის და მოთქმის გარეშე. მაშინაც კი, როცა მისი გუნდელი იყავი, ჰიპიას ლაპარაკი მონოტონური იყო. ლაპარაკობდა, როგორც ტერმინატორი. მთელი გუნდი ერთად მივდიოდით სასეირნოდ და ჰიპია ყურსასმენებით მოდიოდა. ავტოგრაფის მსურველები მასთან მიდიოდნენ, უღიმოდნენ და ხელმოწერას თხოვდნენ. ის მათ უემოციოდ, ღიმილის გარეშე უყურებდა და პასუხობდა: ‘მე არ ვიძლევი ავტოგრაფებს’. შემდეგ გზას აგრძელებდა. ტიპური მცველი.

მცველები მწვრთნელებად

მცველები ძალიან კარგი მწვრთნელები გამოდიან. ეს ალბათ იმის გამოა, რომ მათ ორგანიზაციის უნარი აქვთ და თამაშს კარგად აღიქვამენ. როცა დაცვაში დგახარ, მთელ თამაშს ხედავ. მაურისიო პოჩეტინო მცველი იყო. პეპ გვარდიოლა დაცვის წინ თამაშობდა.

ძალიან რთულია, როცა შემტევი ხარ, მთელი ცხოვრება წინ იდექი და უკან არ ჩამოდიოდი, დაარწმუნო სხვები, რომ ეს გააკეთონ. დავიდ ჟინოლა ბევრად უკეთესი ტელეწამყვანი და მსახიობია, ვიდრე მწვრთნელი. მახსოვს ოსვალდო არდილესიც, ტოტენჰემის ბრწყინვალე ნახევარმცველი, რომელმაც, როგორც მწვრთნელმა, ერთხელ ერთდროულად 5 შემტევი დააყენა. ამ საქმიდან კარგი არაფერი გამოვიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები