Thumbnail

'პასუხები გვჭირდება' - საპროტესტო აქციებზე NBA-ს ვარსკვლავთა რიცხვი მატულობს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ბოსტონ სელტიკსის კალათბურთელმა ჯეილენ ბრაუნმა (საშუალოდ 20.4 ქულა მიმდინარე სეზონში) მონაწილეობა მიიღო სამშვიდობო დემონსტრაციაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ, პოლიციელის მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გაიმართა. აღსანიშნავია, რომ NBA-ს წევრი დემონსტრანტებს მის მშობლიურ ჯორჯიის შტატში შეუერთდა და ამისთვის, ბოსტონიდან ატლანტამდე მანქანით 15 საათი მიდიოდა. გზად ის სოციალურ ქსელში ლაივ-რეჟიმში რამდენჯერმე ჩაერთო და საზოგადოებას თავის მოსაზრებებს უზიარებდა.

“ის, რომ მე NBA-ს კალათბურთელი ვარ, არ ნიშნავს, რომ ასეთი მოვლენების დროს განზე უნდა დავრჩე. უპირველეს ყოვლისა, მეც შავკანიანი გახლავართ და ამ საზოგადოებიდან ვარ გამოსული. როდესაც ვხედავთ, რომ უსამართლო ამბები ხდება, ამისკენ ყველას ყურადღება უნდა მივაპყროთ. 23 წლის ვარ და უამრავი კითხვა მიჩნდება, რომელთაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. ეს მშვიდობიანი პროტესტია. ჩვენი ხმები აუცილებლად უნდა გაიგონ იქ, სადაც საჭიროა”, - აღნიშნა ბრაუნმა, რომელიც ამავდროულად, NBA-ს მოთამაშეთა გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტიცაა.

საინტერესოა, რომ ჯეილენთან ერთად, იმავე ჯორჯიულ დემონსტრაციაზე იმყოფებოდნენ ინდიანა პეისერსში გოგა ბითაძის თანაგუნდელი მალკოლმ ბროგდონი და ვაშინტონ უიზარდსის კალათბურთელი ჯასტინ ანდერსონიც. მანამდე, მინეაპოლისში გამართულ აქციაზე შენიშნეს ფლოიდის დიდი ხნის მეგობარი, NBA-ს ყოფილი მოთამაშე სტივენ ჯეკსონი და მინესოტას კალათბურთელები კარლ-ენტონი ტაუნსი და ჯოშ ოკოგიე.

შეგახსენებთ, რომ 46 წლის ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში, პროდუქტების მაღაზიის სიახლოვეს მაშინ დააკავა, როდესაც ის, სავარაუდოდ, ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გამოყენებას ცდილობდა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს.

“ვკვდები, ვერ ვსუნთქავ. ყველაფერი მტკივა, წყალი მჭირდება, გეხვეწებით, ვერ ვსუნთქავ”, - მიმართავდა დაკავებული პოლიციელს, რომელსაც ძალადობის შეწყვეტისკენ გამვლელებიც ამაოდ მოუწოდებდნენ. მოგვიანებით გონდაკარგული ფლოიდი სასწრაფო დახმარების მანქანით ჰენეპინის ოლქის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე ოთხივე პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მოგვიანებით, მთავარი მოძალადე დაკავებულიც იქნა, თუმცა ამ ფაქტმა ამერიკაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი უწესრიგობები, დარბევები და მსხვერპლიც კი მოჰყვა.

კომენტარები

ბოლო ამბები