Thumbnail
  • ჯან პიერო გასპერინიმ კორონავირუსი გადაიტანა
  • ატალანტას მწვრთნელმა გაძეტასთან ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა
  • მას იმედი აქვს, რომ ატალანტა მთელ ბერგამოს გაახარებს

როდესაც კორონავირუსმა ევროპა მოიცვა, გავრცელების პირველი ეპიცენტრი იტალია იყო, უფრო კონკრეტულად კი მილანთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქი ბერგამო, რომელიც საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია გასული.

ახალი კორონავირუსი ატალანტას მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისაც შეხვდა. საბედნიეროდ, 62 წლის მწვრთნელი გამოჯანმრთელდა. გასპერინიმ ახლა “გაძეტა დელო სპორტთან” გულახდილად ისაუბრა იმაზე, რაც ბოლო პერიოდში გადაიტანა.

“ვალენსიასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინა დღეს ცუდად ვიყავი. ეს იყო 10 მარტი. მერე ორი ღამე არ მიძინია. მართალია, სიცხე არ მქონდა, მაგრამ თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს 40 გრადუსი ტემპერატურა მქონდა,” - ამბობს გასპერინი ინტერვიუში.

ატალანტას მატჩი ვალენსიასთან ეპიდემიის მთელ ლომბარდიაში გავრცელების კერად მიიჩნევა. როგორც ირკვევა, ვირუსი სტადიონზე ატალანტას ასობით ფანს გადაედო და ექსპერტები ამბობენ, რომ ასე გავრცელდა ვირუსი ბერგამოდან მთელ ლომბარდიაში. მატჩი 11 მარტს ვალენსიაში გაიმართა და იქ რამდენიმე ასეული ბერგამოელი ტიფოზი იმყოფებოდა.

ატალანტამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან ვალენსია გააგდო

“ორ წუთში ერთხელ სასწრაფო დახმარების მანქანის სირენის ხმები გვესმოდა, რადგან ბერგამოს ერთ-ერთი მთავარი საავადმყოფო სწორედ ჩვენ სპორტულ ცენტრთან ახლოსაა. ისეთი ამბავი იყო, როგორც ომში ხდება ხოლმე. ვფიქრობდი, რა მომივიდოდა, თუ კლინიკაში მოვხვდებოდი. სიკვდილზე ვფიქრობდი. მუდმივად ვიმეორებდი, რომ არ მსურდა სიკვდილი, რადგან ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი და ბევრის გაკეთება შემიძლია. მართალია, სხვა ადამიანებს ამას ღიმილით, ანუ ხუმრობით ვეუბნებოდი, მაგრამ შინაგანად მართლა ამაზე ვფიქრობდი,” - იხსენებს ატალანტას მწვრთნელი, რომელმაც ავადმყოფობის დროს გემოს შეგრძნება დაკარგა.

იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც ბერგამომ ბოლო 3 თვეში გადაიტანა, გასპერინის იმედი აქვს, რომ ატალანტა პატარა, ლამაზი ქალაქის მაცხოვრებლებს დიდ სიხარულს მოუტანს: “ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ უდიდესი ენერგიით ვითამაშებთ. ბერგამო იმსახურებს დიდ, არაჩვეულებრივ სიხარულს,” - ამბობს გასპერინი.

ბერგამო ჩრდილოეთ იტალიის, ლომბარდიის მხარის პატარა, ლამაზი ქალაქია

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე მე-4 ტური მთავრდება. 29-ე ტურის ბოლო მატჩში, ორშაბათს, კიოლნი ლაიპციგს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები