Thumbnail

კვერკველია ყოფილმა მწვრთნელმა წაიყვანა - სიომინი საბას აგარაკზე ავარჯიშებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლოკომოტივის მცველი სეზონის განახლებისთვის ისევ იური სიომინთან ემზადება
  • 28 წლის ქართველი ფეხბურთელის მომავალი მოსკოვურ კლუბში ბუნდოვანია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის მცველი საბა კვერკველია, სეზონის განახლებისთვის, ყოფილი მთავარი მწვრთნელის აგარაკზე ემზადება. ამის შესახებ ცნობილი რუსეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის ბორის იგნატიევის სიტყვებიდან გახდა, რომელმაც იური სიომინზე საუბრისას, ქართველი ფეხბურთელიც ახსენა.

იური სიომინი მოსკოვის ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ახლახან გაუშვეს და მის ადგილს სერბი სპეციალისტი მარკო ნიკოლოჩი დაიკავებს. რუსულ მედიაში დაიწერა, რომ ნიკოლიჩი შემადგენლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს და დიდი ალბათობით, 28 წლის ქართველ მცველსაც შეელევა. უკვე დასახელდა კიდეც სამი რუსული კლუბი, სადაც შესაძლოა საბა აღმოჩნდეს. ესენია: კრასნოდარი, როსტოვი და როტორი.

საბა ლოკომოტივში რუბინიდან 2017 წლის ზამთარში გადავიდა

"სიომინთან აგარაკზე ახლა კვერკველია ვარჯიშობს! ტერიტორია ამის შესაძლებლობას იძლევა. დღეგამოშვებით მოდის - სირბილი, დატვირთვები. სიომინი ნაწყენი რომ იყოს, ეტყოდა: "ბოდიში, მაგრამ ახლა ამის თავი არ მაქვს". მან კი პროგრამა შეუდგინა და ეხმარება", - აცხადებს ბორის იგნატიევი.

იური სიომინი, რომელსაც ქართველი ფეხბურთელების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, მოსკოვის ლოკომოტივში საბა კვერკველიას მიწვევის მთავარი ინიციატორი იყო.  სიომინის ლოკომოტივთან ერთად საბამ რუსეთის ჩემპიონობა, რუსეთის თასი (ორჯერ) და სუპერთასი მოიგო. 

კვერკველიამ ლოკომოტივთან ერთად არაერთი ტიტული მოიგო

რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, რომელიც შეწყვეტილია და 21 ივნისს უნდა განახლდეს, საქართველოს ნაკრების მცველმა 4 მატჩში ითამაშა და შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

კომენტარები

ბოლო ამბები