Thumbnail
  • 'უნივერსალური ფეხბურთელია და ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია'
  • პაპუნაშვილი რასინგშია განათხოვრებული, კონტრაქტი კი სარაგოსასთან აკავშირებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა, შესაძლოა, კარიერა კვიპროსულ ანორთოსისში განაგრძოს, რომლის მთავარი მწვრთნელიც თემურ ქეცბაია გახლავთ.

24sports.com.cy-ის ცნობით, ქეცბაია თანამემამულის გადაბირებით პირადად არის დაინტერესებული, გიორგის უკვე ესაუბრა და ჰკითხა, კვიპროსში თამაშზე რა აზრისაა, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ, ჯერჯერობით, არაფერი თქმულა.

“პაპუნაშვილი საკმაოდ ახალგაზრდაა, თუმცა, უკვე საკმაო საერთაშორისო გამოცდილება აქვს. იგი გარკვეულწილად უნივერსალური ფეხბურთელია, რადგანაც ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია: მარცხნივ, მარჯვნივ და 10 ნომრადაც. იგი თამაშის სტილით შესაძლოა ანორთოსისში მოთამაშე ესპანელ რაიოს შევადაროთ, ანაც კიდევ ერთ ქართველ ოქრიაშვილს, რომელიც უფრო მარცხნიდან ირჯება”, - წერს კვიპროსული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველი ლეგიონერი ამჟამად სანტანდერის რასინგშია განათხოვრებული, ისე კი, ასევე ესპანური სარაგოსას წევრია, რომელთან კონტრაქტიც 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

იანვარში ბევრი იწერებოდა იმის თაობაზე, რომ გიორგი გადაბირება ბერძნულ გრანდს ათენის პანათინაიკოსს სურდა, თუმცა, საბოლოოდ, ჩვენებური რასინგში აღმოჩნდა. ცნობილია, რომ სარაგოსა ისეთ კლუბს ეძებდა, რომელიც ზაფხულამდე პაპუნაშვილის კუთვნილ თანხას – 160 ათასს ევროს გადაიხდიდა. როგორც სჩანს, ამ პირობას სწორედ სანტანდერელები დათანხმდნენ.

თემურ ქეცბაია კიდევ ერთი თანამემამულის გადაბირებით პირადად არის დაინტერესებული

რამდენად რეალურია ზაფხულში გიორგის კვიპროსულ გუნდში ტრანსფერი. ამ კითხვით 24sports.com.cy-მ სარაგოსას ტექნიკურ დირექტორ ლალო არენდეგის მიმართა და შემდეგი პასუხი მიიღო:

“პაპუნაშვილს ჩვენთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს და ჯერჯერობით, ნამდვილად არ ვიცით, ამ ზაფხულს რა ნაბიჯს გადავდგამთ. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, კორონავირუსის გამო, როგორი სიტუაცია გვექნება. ახლა, მეტწილად სწორედ იმაზე ვფიქრობთ, მიმდინარე სეზონს როგორ დავასრულებთ. პანათინაიკოსის ვარიანტზე ვერაფერს გეტყვით, რადგანაც მათგან ოფიციალური წინადადებით არავინ შემოგვხმიანებია”.

შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილმა კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, 2015-16 წლების სეზონი ბრემენის ვერდერში გაატარა, სარაგოსას კი 2017 წელს მიაშურა. მას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 14 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

კვიპროსში საფეხბურთო ჩემპიონატი, პანდემიის გამო, ვადაზე ადრე დასრულებულად გამოცხადდა, ანორთოსისს კი ვიცე-ჩემპიონის ტიტული ერგო. ამ სეზონში ქეცბაიას გუნდში გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ნიკა კაჭარავა თამაშობდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები