Thumbnail

თოკო შენგელია მოსკოვის ცსკა-საც აინტერესებს - როგორც ჰაინსის ალტერნატივა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბასკონიას ქართველ კაპიტანს კიდევ ერთი მსურველი რუსეთში გამოუჩნდა
  • არმიელები 28 წლის კალათბურთელს კაილ ჰაინსის შემცვლელად განიხილავენ 

საქართველოს ნაკრებისა და ბასკონიას კალათბურთელს თორნიკე შენგელიას კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. 28 წლის ქართველი ფორვარდის დამატებაზე, რომლის მიმართ ინტერესს ბოლო დროს ოლიმპია მილანოსა და მადრიდის რეალს მიაწერენ, ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ კლუბში - მოსკოვის ცსკა-შიც ფიქრობენ. 

"ცსკა-ს ხელმძღვანელობა აგრძელებს შემადგენლობის გასაძლიერებლად სხვადასხვა ვარიანტებზე მუშაობას. პორტალ Team Scout-ის მიმომხილველი ტვიტერში ირწმუნება, რომ "არმიელები" კვლავაც იმედოვნებენ მცველ ნიკ კალატესთან კონტრაქტის გაფორმებას. ამას გარდა, ცსკა-ს ბოსები დაინტერესებულნი ბასკონიას მძიმე ფორვარდით თორნიკე შენგელიათი არიან, რომელიც შესაძლოა კაილ ჰაინსის ალტერნატივა გახდეს", - წერს პოპულარული რუსული სპორტული საიტი championat.com.

თორნიკე შენგელია ბასკონიას ღირსებას 2014 წლიდან იცავს და დღეს მისი ლიდერი და კაპიტანია. მანამდე ქართველი კალათბურთელი NBA-ში, ბრუკლინ ნეტსსა და ჩიკაგო ბულსში გამოდიოდა.

 მოსკოვის ცსკა ევროლიგის 2018/19 წლების სეზონის გამარჯვებულია (2019/20 წლების სეზონი დასრულებულად ვადამდე გამოცხადდა). "არმიელებმა" რუსეთის ჩემპიონატი 26-ჯერ მოიგეს, ვითიბი ლიგა კი - 10-ჯერ. 2014/15 წლების სეზონში ცსკა-ში საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი გამოდიოდა. 

28 წლის თორნიკე შენგელიას სტატისტიკა 2019/20 წლების სეზონში: ACB ლიგა - 16.6 ქულა, 6.3 მოხსნა, 2.7 პასი; ევროლიგა - 15.9 ქულა, 5.6 მოხსნა და 2.9 პასი. ეს მაჩვენებლები მის კარიერაში საუკეთესოა.

კომენტარები

ბოლო ამბები