Thumbnail

ჩემპიონთა ლიგა ბლიც-ტურნირის სახით - ბილდი უეფას საიდუმლო გეგმაზე წერს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ‘ბილდმა’ უეფას ცენტრალური ოფისიდან საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვა
  • გერმანული გაზეთი უეფას გეგმის შესახებ წერს
  • ფინალი სტამბოლში, დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება

აქამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ჩემპიონთა ლიგა აგვისტოში უნდა განახლდეს და სადღაც 8-დან 29 აგვისტომდე უნდა დასრულდეს. ახლა კი გერმანული ტაბლოიდი ‘ბილდი’ სანდრო წყაროზე დაყრდნობით უეფას საიდუმლო გეგმის შესახებ წერს. ‘ბილდში’ ვკითხულობთ, რომ მათ ეს ინფორმაცია ინსაიდერმა პირდაპირ უეფას ცენტრალური ოფისიდან, ნიონიდან მიაწოდა.

მოკლედ, ამ გეგმის შესახებ:

► ყველა მატჩი ერთ ქალაქში უნდა ჩატარდეს!
► მხოლოდ ერთი მატჩი პლეი ოფში, არავითარი საპასუხო მატჩი!
► ყველა თამაში მაქსიმუმ 10 დღეში!
► მხოლოდ და მხოლოდ უმაყურებლო მატჩები!

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში ასეთი მდგომარეობაა: პსჟ, ატლეტიკო, ლაიპციგი და ატალანტა მეოთხედფინალში არიან. 

ჩასატარებელია მერვედფინალის ეს საპასუხო მატჩები:

► ბაიერნი V ჩელსი (პირველი მატჩი ლონდონში ბაიერნმა 3:0 მოიგო)
► ბარსელონა V ნაპოლი (პირველი მატჩი 1:1)
► იუვენტუსი V ლიონი (პირველი მატჩი ლიონმა 1:0 მოიგო)
► მანჩესტერ სიტი V რეალი (პირველ მატჩი სიტიმ 2:1 მოიგო)

უეფას გეგმით, მეოთხედფინალში გასული გუნდების ვინაობა ივლისის ბოლომდე უნდა გაირკვეს. შესაბამისად, აგვისტოში, დარჩენილი 8 გუნდი ერთ ქალაქში შეიკრიბება და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ბლიც-ტურნირით გამოვლინდება. ანუ, მხოლოდ თითო მატჩები ფინალის ჩათვლით - როგორც ევროპის, ან მსოფლიოს ჩემპიონატზე. მეოთხედფინალი 2 დღეში ჩატარდება, მერე 2 დღე დაისვენებენ, ნახევარფინალიც 2 დღეში ჩატარდება, ისევ 2 დღე დაისვენებენ და მერე ფინალი იქნება.

ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა სტამბოლის მასპინძლობის ამბავი. მაგალითად, New York Times წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს სტამბოლი არ უმასპინძლებს. უეფა რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს და გადაწყვეტილება, წესით, აღმასკომის 17 ივნისის სხდომაზე უნდა გახდეს ცნობილი.

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგა და თითქმის ყველა ტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში შეწყდა. ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 3 ტური ჩატარდა. პარასკევს გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტური დაიწყო. ბაიერნი შაბათს დიუსელდორფის ფორტუნას ეთამაშება, მეორე ადგილზე მყოფი დორტმუნდის ბორუსია კი კვირას პადერბორნს ესტუმრება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები