Thumbnail
  • ‘ფორბსმა’ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ტრადიციული სია გამოაქვეყნა
  • პირველ ადგილზე ჩოგბურთის შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერია
  • საუკეთესო ათეულში არიან რონალდო, მესი, ნეიმარი და ლებრონ ჯეიმსი

ყველამ იცის, რომ ლეგენდარულ შვეიცარიელ ჩოგბურთელს, დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულ (რეკორდი) როჯერ ფედერერს ძალიან დიდი შემოსავალი აქვს, მაგრამ ‘ფორბსის’ ტრადიციულ რეიტინგში პირველ ადგილზე აქამდე არასდროს ყოფილა. 38 წლის როჯერი წელს, კარიერაში პირველად, ყველაზე დიდშემოსავლიანი სპორტსმენია.

106,3 მილიონი ბოლო 12 თვეში

ფედერერმა ბოლო 12 თვეში 106,3 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. აქედან სპონსორებისგან მიღებული სარეკლამო შემოსავალი 100 მილიონია. შედარებისთვის, შარშანდელ სიაში როჯერი მხოლოდ მეხუთე ადგილზე იყო, რეიტინგს კი ფეხბურთის სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი ლიდერობდა (127 მილიონი დოლარით). შარშან მეორე და მესამე ადგილებზეც ფეხბურთელები იყვნენ: კრიშტიანო რონალდოს 109 მილიონი ჰქონდა გამომუშავებული, ნეიმარს - 105 მილიონი.

წელს მეორე ადგილზე რონალდოა - 105 მილიონი დოლარით, მესი კი მესამე ადგილზეა 104 მილიონით. ნეიმარის შემოსავალი 100 მილიონს ჩამოსცდა და ბრაზილიელი მე-4 ადგილზეა. მათ შემდეგ სიაში კალათბურთის სუპერვარსკვლავები მოდიან, მერე კი ტაიგერ ვუდსი (გოლფი) და NFL-ის ვარსკვლავები.

აღსანიშნავია, რომ როჯერ ფედერერმა 2018 წელს Uniqlo-სთან 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც მას ჯამში 300 მილიონ დოლარს მოუტანს. სხვა ჩოგბურთელებიდან საუკეთესო ასეულში ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალიც არიან. სერბი 23-ე ადგილზეა (44,6 მილიონი დოლარი), ხოლო ესპანელი კი - 27-ე ადგილზე (40 მილიონი).

ასევე საინტერესოა, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ასეულში მხოლოდ 2 ქალი და 98 მამაკაცია. პირველი ქალი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა გახლავთ, რომელიც 29-ე ადგილზეა, 4 ადგილით ქვემოთ კი ასევე ჩოგბურთელი სერენა უილიამსი. სპორტის სახეობებს შორის ასეულში ფეხბურთი, ჩოგბურთი, კალათბურთი და ამერიკული ფეხბურთი დომინირებენ. მათ შემდეგ გამორჩეულია გოლფი, კრივი, ბეისბოლი და შერეული ორთაბრძოლები (MMA). სრულია სია იხილეთ აქ.

ფორბსის სია 2020 - TOP 10

1. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 127 მილიონი დოლარი

2. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) - 105 მილიონი

3. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 104 მილიონი

4. ნეიმარი (ფეხბურთი) - 95,5 მილიონი

5. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 88,2 მილიონი

6. სტეფ კარი (კალათბურთი) - 74,4 მილიონი

7. კევინ დურანტი (კალათბურთი) - 63,9 მილიონი

8. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) - 62,3 მილიონი

9. კირკ კაზინსი (ამერიკული ფეხბურთი) - 60,5 მილიონი

10. კარსონ ვენტცი (ამერიკული ფეხბურთი) - 59,1 მილიონი

კომენტარები

ბოლო ამბები