Thumbnail

'სისხლში ვიყავი ამოსვრილი' - ბარსას ექს-პრეზიდენტი ციხის ცხოვრებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სანდრო როსელმა ციხეში გატარებული რთული პერიოდი გაიხსენა
  • 56 წლის ფუნქციონერის თქმით, საპატიმროში არაერთხელ უტირია

ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა, რომელმაც თითქმის ორი წელიწადი ციხეში გაატარა, საპატიმროში გატარებული პერიოდი გაიხსენა. 

როსელი ფინანსურ დანაშაულში მონაწილეობისთვის საპატიმროში 2017 წლის მაისში მოხვდა, 2019 წლის თებერვლის ბოლოს კი გათავისუფლდა. გამოძიება გაგრძელდა, პროკურატურა კი ფუნქციონერისთვის თავისუფლების 11 წლით აღკვეთას ითხოვდა, მაგრამ გასული წლის აპრილში როსელი საბოლოოდ გაამართლეს.

თავის დროზე სანდრო როსელს ბრალი ნეიმარის ტრანსფერის რეალური ფასის დამალვაშიც დასდეს

როსელმა ჟურნალისტებთან ციხის მძიმე ყოფაზე ისაუბრა.

"თუნდაც ერთი დღე ციხეში ყველამ უნდა გაატაროს? ეს პირველ რიგში, იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც ციხეში სხვებს უშვებენ, რათა მიხვდნენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდნენ. ეს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილებაა, საკუთარ თავს სხვა მხრიდან შეიცნობ, მაგრამ ციხე მაინც ცუდი ადგილია. თუკი ვინმე გეტყვით, რომ ციხე მაგარია, იცოდეთ, რომ ეს ტყუილია.

ციხის ჩხუბები? ახლოდანაც მინახავს. ერთხელ ჩხუბი ისე ახლოს მოხდა, რომ სისხლის შხეფებისგან არამხოლოდ მთელი ტანსაცმელი, წიგნაკიც კი დამესვარა. ციხეში ჩხუბები ხშირად ხდება", - იხსენებს როსელი, რომელიც დასძენს, რომ თავად არასდროს ყოფილა ჩხუბის მონაწილე.

"ციხეში ვტიროდი. უსუსურობისგან, დარდისგან… მანამდე მრავალი წლის განმავლობაში არ მიტირია. არ მახსოვს, ეს რამდენჯერ მოხდა, მაგრამ ხუთზე მეტი შემთხვევა ნამდვილად იყო", - ამბობს ბარსას ექს-პრეზიდენტი.

56 წლის სანდრო როსელი ბარსელონას პრეზიდენტი 2010-14 წლებში იყო. თანამდებობიდან ის ნეიმარის სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა.

კომენტარები

ბოლო ამბები