Thumbnail
  • 📅 30 მაისი | ⌚ 20:30 | ⚽ ბაიერნი V ფორტუნა
  • რთულად წარმოსადგენია, ფორტუნამ ბაიერნი შეაჩეროს
  • თუმცა დიუსელდორფელები ბოლო დროს არ აგებენ
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ
  • PREVIEW | დორტმუნდი ჰაალანდის გარეშე, პადერბორნის ბოლო შანსი

ბუნდესლიგა არ ჩერდება! შუა კვირაში ჩატარებული ტურის შემდეგ, გერმანიაში მხოლოდ ერთი დღე შეისვენეს და წინ 28-ე ტურის თამაშებია. ამ ტურში გამოკვეთილი ტოპ-მატჩი არ არის, ყველაზე დიდ ინტერესს კი ისევ მიუნხენის ბაიერნის თამაში იწვევს, რომელიც ჩემპიონობის მთავარი და ალბათ უკვე (დორტმუნდთან მოგების შემდეგ) უპირობო ფავორიტი კანდიდატია.

რეკორდმაისტერი გერმანიის მორიგი, ზედიზედ მე-8 ჩემპიონობისკენ მიექანება და ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ამაში დიუსელდორფის ფორტუნამ არათუ ხელი შეუშალოს, არამედ ოდნავ მაინც რომ დაამუხრუჭოს. მიუნხენურმა გრანდმა, ყველა ლოგიკით, ზედიზედ მე-8 მატჩი უნდა მოიგოს, რათა დორტმუნდის ბორუსიას (კვირას პადერბორნს სტუმრობს) და ლაიპციგს (ორშაბათს კიოლნში ჩადის) საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნების იმედის ნაპერწკალიც კი არ გაუღვივოს.

თუმცა, რესტარტის შემდეგ ფორტუნაც საკმაოდ ნორმალურ ფორმაშია და ისეთი სერია აქვს, რომლის მსგავსით ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბი იამაყებდა: დიუსელდორფელებს ბუნდესლიგაში 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, წინა ტურში კი შალკეს 2:1 მოუგეს. ბოლო ტურებში ფორტუნასთვის თითოეული ქულად ძვირად ფასობს - გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის და ბაიერნთანაც დასაკარგი არაფერი აქვს. თუმცა, ამ მატჩის სხვადასხვა სტატისტიკური ფაქტებიც მოწმობს, რომ ლოგიკურად, ბაიერნს ამ შეხვედრის მოგება არათუ არ უნდა გაუჭირდეს, დიდი ანგარიშიც მოსალოდნელია. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ბაიერნს ზედიზედ 7 მატჩი აქვს მოგებული და ამ შვიდიდან 5-ში პირველი ტაიმიც მოიგო.

⚽ მიუნხენურ გრანდს ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 6-ში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა.

⚽ ფორტუნამ ბუნდესლიგის ბოლო 13 გასვლითი მატჩიდან 12 ვერ მოიგო.

⚽ ამ საუკუნეში ფორტუნას ბაიერნთან მატჩების პირველ ტაიმებში მეტოქეზე 5-ჯერ ნაკლები გოლი აქვს გატანილი - 2:10. 

⚽ ფორტუნა ბუნდესლიგაში, სტუმრად ბოლო 3 წაგებულ მატჩში მეორე ტაიმებში საშუალოდ 2,67 გოლს უშვებდა. 

⚽ როცა ბაიერნი კარგ ხასიათზეა (და დორტმუნდთან მოგების შემდეგ სწორედ ასეა), მეტოქეებს მარტივად ანადგურებს. 2020 წელს რეკორდმაისტერმა 13 ოფიციალური მატჩიდან თითქმის 50% (6 მატჩი) მინიმუმ 3-ბურთიანი უპირატესობით მოიგო. 

⚽ ზემოთ ნახსენები 6 გამარჯვებიდან, ბაიერნმა 4-ში პირველი ტაიმი მშრალი ანგარიშით მოიგო.

⚽ კორონავირუსით გამოწვეულ პაუზამდე ბუნდესლიგაში გუნდები საშინაო მატჩების 43,3 პროცენტს იგებდნენ, რესტარტის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 18,52 პროცენტამდე დაეცა - მხოლოდ 5 საშინაო გამარჯვება 27 მატჩიდან.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დევისი - კიმიხი, გორეტცკა - კომანი, თ. მიულერი, გნაბრი - ლევანდოვსკი.
ტრავმა: კოუტინიო, ზიულე, ტიაგო ალკანტარა, ტოლისო
დისკვალიფიკაცია: არავინ

ფორტუნა (3-4-1-2): კასტენმაიერი - აიჰანი, მ. იორგენსენი, ზუტნერი - მ. ციმერმანი, მორალესი, ბოძეკი, თომი - შტიოგერი - სკიბირსკი, ჰენინგსი
ტრავმა: შტეფენი
დისკვალიფიკაცია: არავინ

 

კომენტარები

ბოლო ამბები