Thumbnail

-6 ქულა ვარჯიშისთვის - უცნაური სასჯელი ავსტრიულ ბუნდესლიგაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გუნდური ვარჯიშის ნაადრევად დაწყება, ლასკ-ს ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა
  • ავსტრიის ბუნდესლიგა საჩემპიონო და სარელეგაციო ჯგუფების მატჩებით განახლდება

ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატის აწ უკვე ყოფილ ლიდერ ლასკ-ს, გუნდური ვარჯიშის პროცესის ვადაზე ადრე განახლებისთვის, ლიგის ხელმძღავნელობამ ფინანსური ჯარიმაც დააკისრა და საკმაო რაოდენობის ქულებიც დააკლო. ეს ყველაფერი ქალაქ ლინცის კლუბს, რომელმაც ჩემპიონატის რეგულარული სეზონი 54 ქულითა და ცხრილში პირველი ადგილით დაასრულა, ლიდერობის დათმობად დაუჯდა.

როგორც ირკვევა, დარღვევა 15 მაისამდე, ან იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ავსტრიული ბუნდესლიგის კლუბებს მხოლოდ წვრთნის მცირე ჯგუფებად ჩატარების უფლება ჰქონდათ, მაგრამ ლასკ-მა წესი არ დაიცვა და საერთო გუნდური ვარჯიში, დისტანციის დაცვის გარეშე, ნაადრევად დაიწყო.

ლიგის პრესსამსახურის ცნობით, ვარჯიშის წესების დარღვევისთვის კლუბს ჯამში 12 ქულა ჩამოაკლდა, თუმცა ვინაიდან ბუნდესლიგის მეორე სტადიის დაწყების წინ, გუნდებს რეგულარულ ჩემპიონატში მოპოვებული ქულები უნახევრდებათ, შესაბამისად, ლასკ-ი რეალურად 6 ქულით დაზარალდა და ახლა საჩემპიონო ჯგუფში 21 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ლიდერი კი ზალცბურგია, რომლის აქტივში 24 ქულაა.  

ლასკ ავსტრიის ჩემპიონატის მოგების შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს

გარდა ამისა, დარღვევისთვის კლუბს 75 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც მოუწევს. ლიგის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ლასკ-ს ორი კვირის ვადა აქვს.

ავსტრიის ჩემპიონატი, რომელშიც ოთარ კიტეიშვილის გუნდი გრაცის შტურმიც გამოდის, კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში შეწყდა. ტურნირის განახლება 2 ივნისს იგეგმება. შტურმი, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა, საჩემპიონო ჯგუფში გამოდის.

ავსტრიის ჩემპიონი 2014 წლიდან მუდმივად ზალცბურგი ხდება. ლასკ-ს ბუნდესლიგა არასდროს მოუგია. 

კომენტარები

ბოლო ამბები