Thumbnail

ფრანგულმა Lerugbynistere-მ იმ მორაგბეთაგან, რომელთაც კარიერის დასრულება 2019-20 წლების სეზონის მიმდინარეობისას გადაწყვიტეს, სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში 2 ქართველი ლეგიონერი – დავით ზირაქაშვილი და მამუკა გორგოძე შეიყვანა.

“ზირაქაშვილი და ჯეიმსი, კაპო ორტეგა და გორგოძე, ეს, ის მორაგბეები არიან, რომელთა წასვლითაც ფრანგული TOP 14 ბევრს დაკარგავს და ჩვენც ძალიან დაგვაკლდებიან. შესაძლოა, პანდემიის ჟამს კარიერის დასრულება კიდევ ბევრმა გადაწყვიტოს, თუმცა, ამჯერად რჩეულები მათგან დავასახელეთ, ვინც აღნიშნულის თაობაზე განცხადება უკვე გააკეთა”, - წერს ფრანგული ვებ-გვერდი.

წამსვლელთა სიმბოლური ნაკრები

ძირითადი: იგუინიზი, ბონფილსი, ზირაქაშვილი, კაპო ორტეგა, გორგოძე, ბარდი, პურიჩელი, ბატუ, ფოტუალი’ი, ჯეიმსი, ლემი, როჟერი, გრამატიკო, რუელ-გალაი, კოლი.
სათადარიგოები: კოშტა რეპეტო, ვებერი, ჯონსტონი, სნიმანი, ტასტე, შოვე, ტალე, ლოჰორე.

შეგახსენებთ, რომ ზირაქაშვილი კლერმონში 2004 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ გუნდისთვის არ უღალატია (332 მატჩი, 19 ლელო), ამდენად, მას “ვულკანების” ერთ-ერთ ლეგენდად სრულიად სამართლიანად მიიჩნევენ. დათოს “ბორჯღალოსანთა” მაისურით 2003, 2007 და 2015 წლების მსოფლიოს თასებზე უთამაშია, 2010 და 2017 წელს კი საფრანგეთის TOP 14-ის ჩემპიონი გახდა (ამასთან, 5 ფინალი აქვს წაგებული).

გორგოძეს 2014 წლიდან მოყოლებული ტულონის მაისურით 110 მატჩი (11 ლელო) აქვს ჩატარებული, მანამდე კი, მონპელიეს (2005-2014) ღირსებას იცავდა: 168 მატჩი, 27 ლელო. მამუკას ბორჯღალოსანთა რიგებში 75 თამაშში 27 ლელო აქვს დადებული და ეს, საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები