Thumbnail

არაბულის აღიარება საბერძნეთში - ის კლუბში საუკეთესოდ დაასახელეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პანიონიოსის ქართველმა თავდამსხმელმა კონკურენტებს საგრძნობი სხვაობით აჯობა
  • ბაჩანა არაბულს ბერძნული სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი

პანიონიოსის ქართველი თავდამსხმელი ბაჩანა არაბული მიმდინარე სეზონში ბერძნული კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვა საბერძნეთის სუპერლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩაატარა და მისი მიზანი ყოველი გუნდის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა იყო. შედეგად, არაბულმა ხმების 24.41% მიიღო და საგრძნობლად აჯობა უახლოეს მდევრებს – დიმიტრიოს ემანუილიდისსა (18.15%) და პანაიოტის კორბოსს (12.33%).

ის, რომ ქომაგებმა 26 წლის ქართველი ფორვარდი გამოარჩიეს, გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა. არაბულმა მიმდინარე სეზონის 26 მატჩიდან 25-ში ითამაშა და 6 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ. ბაჩანა პანიონიოსში გასულ წელს გადაბარგდა, მანამდე კი, უნგრეთში ბალმაზუივაროშისა და პუშკაშის აკადემიის ღირსებას იცავდა.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო, საბერძნეთის ჩემპიონატი მარტის დასაწყისში შეწყდა, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ სეზონი 6 ივნისს განახლდება. არაბულის კლუბმა რეგულარული პირველობა ბოლო მე-14 ადგილზე დაასრულა, ამდენად, ზაფხულში ბრძოლა ელიტაში დარჩენისთვის მოუწევს. 6 ივნისს, პანიონიოსი ვოლოსს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები