Thumbnail

ბოსტონის მარათონი ვირტუალურად ჩატარდება და მასში მონაწილეობა შენც შეგიძლია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქვეყნოდ ცნობილი გარბენი 123 წელია არ ჩაშლილა, ამჯერად კი, პანდემიამ აზარალა
  • მონაწილეებმა 42 კმ. 6 საათში უნდა დაფარონ და მტკიცებულებებიც წარადგინონ

აშშ-ს ქალაქ ბოსტონის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო გააუქმოს წლევანდელი გარბენი საქვეყნოდ ცნობილ ტრადიციულ მარათონზე, რომელიც 123 წელია უწყვეტად ტარდებოდა.

თავდაპირველი ვერსიით, მარათონი 20 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, 14 სექტემბერს გადაიდო. ახლა, ქალაქისა და შეჯიბრის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, მარათონი მხოლოდ ვირტუალურ ფორმატში ჩატარდეს, ამასთან, უკვე დარეგისტრირებულ მონაწილეებს შეტანილ თანხას უკან დაუბრუნებენ.

ვირტუალურ მარათონთან დაკავშირებული ღონისძიებები 7-14 სექტემბერს გაიმართება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მონაწილეების მიზანი 6 საათის განმავლობაში 42 კილომეტრის დაფარვა იქნება, ამის დამამტკიცებელი საბუთების წარდგენა კი, შეჯიბრის ორგანიზატორებისთვის მოუწევთ. ვირტუალური მარათონის ყველა მონაწილე სამახსოვრო პრიზს მიიღებს.

ცნობისთვის, ბოსტონის მარათონი 1897 წლიდან ტარდება და ის ყველაზე ძველ ყოველწლიურ გარბენად ითვლება. ბოლო 10 წელია, მარათონში მონაწილეობას საშუალოდ 30 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა, რეკორდი კი 1996 წელს, საიუბილეო მე-100 გარბენისას დამყარდა, როდესაც სტარტზე 38 708 ადამიანი დადგა.

კომენტარები

ბოლო ამბები