Thumbnail

როგორ აჯობა ინდოელმა მშენებელმა უსეინ ბოლტს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სრინივასა გოუდამ 100 მეტრი 9.55 წამში დაფარა, ბოლტის შედეგი კი 9.58 წამია
  • ის ხარებთან ერთად გარბოდა და ცხადია, ამას მსოფლიო რეკორდად არავინ ჩათვლის

ინდოელმა მშენებელმა სრინივასა გოუდამ მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანის უსაინ ბოლტის რეკორდი გადაფარა და მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. სხვა საქმეა, რომ აზიელის მიღწევა არაოფიციალური გახლავთ და ცხადია, მას რეკორდადაც არავინ ჩათვლის, რადგანაც სპეციფიურ ვითარებაში იქნა დამყარებული. გოუდამ საოცარი შედეგი ინდოეთში პოპულარულ ხარებით რბოლაში დააფიქსირა, რომელსაც "კამბალად" მოიხსენიებენ. მან 142 მეტრი 13.62 წამში დაფარა, კონკრეტულად 100-მეტრიანი ნიშნული კი 9.55 წამში გაირბინა. ცნობისთვის, ბოლტის რეკორდი, რომელიც მან 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აჩვენა, 9.58 წამია.

“ხალხი უსაინ ბოლტს ხშირად მადარებს, თუმცა, არ ვიცი, ეს რამდენად მართებულია. ის მსოფლიოს ჩემპიონია, მე კი, უბრალოდ ტყლაპოებიან მინდორზე დავრბივარ”, - აღნიშნა ინდოელმა.

მას შემდეგ, რაც თავისი მიღწევის შესახებ შეიტყო, სრინივასამ განსაკუთრებული მადლობა ხარებს გადაუხადა, რომელმაც დისტანცია საოცარ ტემპში გაიარეს და სიმართლე უნდა ითქვას, რომ სპორტსმენის მიღწევაც მეტწილად მათი დამსახურება იყო. მომხდარს “კამბალას” აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი გუნაპალა კადამბა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათთვის ბოლტთან გაჯიბრება თვითმიზანი არაა, რადგანაც თავისი გმირები ჰყავთ. ოპერატიულად იმოქმედა ინდოეთის სახელმწიფო მინისტრმა კირენ რიჯიუმაც და პირობა დადო, რომ გოუდასთის ქვეყნის რჩეულ მწვრთნელებს დაიქირავებს, რათა ის საუკეთესო სპრინტერად აქციონ.

ცნობისთვის, "კამბალა" ტრადიციულად კარნატაკას შტატში იმართება და ადგილობრივებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეჯიბრის მონაწილეები ხარებთან ერთად წყლით დაფარულ ბრინჯის მოედანზე გარბიან და 132 და 142-მეტრიანი დისტანციის დაფარვა ევალებათ. 2014 წელს, ინდოეთის სახელმწიფო სასამართლომ შეჯიბრი აკრძალა, თუმცა, 4 წლის შემდეგ, წესებში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს და ტურნირები აღდგა.

კომენტარები

ბოლო ამბები